„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, CE, DE კატეგორიებისა და C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი იქნება. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნა.

„ცვლილების თანახმად, კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს დახურულ ტერიტორიაზე, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპს რეალური მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გამოცდის მარშრუტების შესაბამისად ჩააბარებს.“

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პირველი ეტაპის წარმატებით გავლიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი. 365-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

ზემოთ მოცემულ კატეგორიებში/ქვეკატეგორიებში მართვის მოწმობის მიღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ დანაყოფებში, რუსთავის და ქუთაისის შეეძლებათ.

„პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად სავალდებულოა ადგილის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში უშუალოდ წარდგენით, ვებგვერდის საშუალებით, ან მობილური აპლიკაციის საშუალებით“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.