ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხოსპიოსა და ხორენიაში, პირველად დაფიქსირდა პირუტყვში ფეხისა და პირის ღრუს დაავადება. ორი თვეზე მეტია გასული. Jnews ამ სოფლებში იმყოფებოდა, რათა სიტუაცია შეეფასებინა.

სოფელ ხორენიაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. სოფლის მცხოვრებლის, არკადი ფიდანიანის თქმით, დღეს პირუტყვს დაავადება თითქმის აღარ აღენიშნება. მისი თქმით, ხორენიაში დაახლოებით 250 სული პირუტყვია და თითქმის ყველა დაინფიცირდა.

„ჩვენს სოფელში პირუტყვის დაახლოებით 95% დაინფიცირებული იყო. ახლა უკვე საძოვარზე გადიან. დაავადების მძიმე პერიოდში პირუტყვი 20 დღეზე მეტი ბოსელში გვყავდა. ამ დროისთვის მთელ სოფელში დაახლოებით 10 სულ პირუტყვს აღენიშნება დაავადების ნიშნები. კარგია, რომ წვიმები დაიწყო, რაც დადებით გავლენას იქონიებს. დაღუპვის შემთხვევები მხოლოდ ხბოებში დაფიქსირდა. დაახლოებით 3 ხბო დაიღუპა“, — თქვა არკადი ფიდანიანმა.

მისი თქმით, სამედიცინო დახმარება ახალქალაქისა და ნინოწმინდის აფთიაქებიდან მიიღეს, მძიმე შემთხვევების დროს კი სპეციალისტებსაც მიმართეს.

„ერთი ძროხის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, დაავადება კუჭში იყო გავრცელებული. ნინოწმინდელ ექიმ ართურ მღდესიანთან მივედი, ჩამოვიდა, მკურნალობა ჩაატარა და ახლა პირუტყვი უკვე მინდორში გადის“, — დაამატა მან.

როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, სოფელ ხოსპიოშიც დასტაბილურდა მდგომარეობა, პირუტყვის დაღუპვის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სოფლის მცხოვრებლის, ჰოვიკ მარაბიანის თქმით, საჭირო ღონისძიებები უკვე გატარებულია.

„ჩვენს სოფელში ჩამოვიდნენ ექიმები თბილისიდან, ჩაატარეს დეზინფექცია ბოსლებიდან დაწყებული, ქუჩებით დამთავრებული. პირუტყვი დაახლოებით 10 დღე სახლში გვყავდა, რათა სიტუაცია არ დამძიმებულიყო. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, დაავადება მხოლოდ გაუარესდება. დაავადება ხბოებშიც გავრცელდა, მაგრამ მძიმედ არ მიმდინარეობდა. წამალი ახალქალაქიდან ვიყიდეთ და დაგვეხმარა“, — თქვა მან.

სოფელ ხოსპიოს კიდევ ერთი მცხოვრები, არმინე მარაბიანი, სახელმწიფო დახმარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„სახელმწიფომ დროულად უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაავადება არ გავრცელდეს. თუ უნდათ, რომ სოფლის მაცხოვრებელმა პირუტყვი არ გაყიდოს, კეთილი ინებონ და გვერდში დაუდგნენ. ისედაც ცოტა პირუტყვია დარჩენილი სოფელში. თუ ასე გაგრძელდა, ორ წელიწადში პირუტყვი აღარ იქნება“, — აღნიშნა არმინე მარაბიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხორენიასა და ხოსპიოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, დაავადება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ვრცელდება, სადაც მეცხოველეები დაავადებასა და მის შედეგებს ჯერ კიდევ ებრძვიან.