
წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყო. თუმცა, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ახალქალაქშიც განსაკუთრებული აქტიურობა არ არის. წინასაარჩევნო კამპანიის პასიურობის მიზეზი აშკარაა — არ არსებობს პოლიტიკური პარტიების ოპოზიცია. Jnews დაინტერესდა, რომელ პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ახალქალაქში, აქვთ თუ არა ოფისი, ჩაატარებენ თუ არა წინასაარჩევნო კამპანიას და ა.შ.
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12 პარტიაა რეგისტრირებული. ამ პარტიებიდან, ახალქალაქსა და მის სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ატარებს. „ოცნება“ სოფლიდან სოფელში დადის და წარადგენს თავის წინასაარჩევნო პროგრამასა და კანდიდატებს, ასევე აკრავს პლაკატებს ხალხმრავალ ადგილებში. სხვა პარტიები კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩუმად არიან და არ ცდილობენ ხალხის გულის მოგებას.
ვეცადეთ გაგვერკვია, აქვთ თუ არა წინასაარჩევნო კამპანიის გეგმები იმ პარტიებს, რომელთა საქმიანობაც ახალქალაქში არ შეიმჩნევა. პასუხებს ქვემოთ წარმოგიდგენთ:
პარტია: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3)
პასუხი: „ახალქალაქში წარმომადგენლობა არ გვყავს.“
პარტია: „სამშობლო, ენა, რწმენა“ (1)
პასუხი: „ახალქალაქში კანდიდატები არ გვყავს, მაგრამ ახალქალაქში ვიზიტს ვგეგმავთ.“
პარტია: „გირჩი“ (36)
პასუხი: „სამწუხაროდ, ახალქალაქში წარმომადგენელი არ გვყავს. რადგან კანდიდატები არ გვყავს, დიდი ალბათობით არ ჩამოვალთ“.
პარტია: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5)
პასუხი: „სამწუხაროდ, სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები არ გვყავს. ფიზიკურად ვერ მოვასწარით. კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, აჭარასა და თბილისში პარტიული სიები და მერობის კანდიდატები გვყავს“.
პარტია: „თავისუფალი საქართველო“ (7)
პასუხი: „სამწუხაროდ, არა“.
„გახარია საქართველოსთვის“ (25), „ძლიერი საქართველო – ლელო“ (9), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8) და „მწვანეთა პარტია“ (12) – ჩამოთვლილმა პარტიებმა Jnews-ის შეკითხვებს არ უპასუხეს.
Jnews-ის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ (25) შეეცადა და გადადგა ნაბიჯები ახალქალაქში მერობის კანდიდატის მოსაძებნად. თუმცა პარტიიდან Jnews-ის შეკითხვებს არ უპასუხეს.
„სახალხო ხელისუფლება“ (14) და „საქართველო“ (7) პარტიების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. Jnews-ი ვერ დაუკავშირდა ამ პოლიტიკურ პარტიებს. შევძელით გაგვერკვია, რომ „სახალხო ხელისუფლების“ პარტიის თავმჯდომარე მარინა ქურდაძეა, გენერალური მდივანი კი გელა კვარაცხელია. ხოლო პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილია.
ახალქალაქში წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან მშვიდი და ერთფეროვანია, რადგან ყველა ოლქში მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა კანდიდატები. შესაბამისად, კამპანიას მხოლოდ მმართველი პარტია ატარებს.
ფენია თოროსიან