მიმდინარე სეზონში საქართველოდან 25.6 ათას ტონაზე მეტი ატამი და ნექტარინი გავიდა ექსპორტზე, რომლის ღირებულებამ 31.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი რაოდენობრივად 12%-ით (2.7 ათასი ტონით), ხოლო ღირებულებით 19%-ით, ანუ 5.2 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ქართული ატმისა და ნექტარინის მთავარი ბაზარი რუსეთი იყო. რუსეთზე მოდის 22 ათასი ტონა ხილი, ანუ მთლიანი ექსპორტის 86%.

მცირე პარტიები ასევე გაიგზავნა უკრაინაში (2.4 ათასი ტონა), სომხეთში (637 ტონა), ბელარუსში (394 ტონა), ლატვიაში (158 ტონა), მოლდოვაში (40 ტონა), ყაზახეთში (18 ტონა) და პოლონეთში (18 ტონა).

ცივი გაზაფხულისა და მოსავლიანობის შემცირების შემდეგ საქართველოში ატმის ფასის მატებას საზღვარგარეთ მაღალმა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მისი ღირებულება 62%-ით გაიზარდა.