
9 სექტემბრის მდგომარეობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თითოეული მაჟორიტარული ოლქიდან წარდგენილი იქნება მხოლოდ თითო მერისა და დეპუტატის კანდიდატი – ყველა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“. სხვა პარტიები ახალქალაქში წარმოდგენილი იქნებიან მხოლოდ პროპორციული წესით. ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არჩევანი იქნება მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში.
საქართველოს ცესკოს ინფორმაციით, 9 სექტემბრის მდგომარეობით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მერის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ახალქალაქში პარტიამ მოქმედი მერი მელქონ მაკარიანი დაასახელა, ნინოწმინდაში კი ასევე მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (№40 საარჩევნო ოლქი) ყველა 23 მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული კანდიდატები არიან წარდგენილნი. ამ ოლქებში სხვა პარტიებს კანდიდატები არ წარუდგენიათ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (№41 საარჩევნო ოლქი) 13 მაჟორიტარული ოლქიდან 11-ში მმართველი პარტიიდან წარდგენილია თითო კანდიდატი, ხოლო ორ ოლქში — ორ-ორი კანდიდატი. ტამბოვკას საარჩევნო ოლქში (№41.09) საინიციატივო ჯგუფმა (მაის ელოიანი, ნიკოლაი ფოლოიანი, შოთა აროიანი, მანუკ კარაგოზიანი, ედუარდ ჰარუთიუნიანი) მაჟორიტარ კანდიდატად ეღიშ მკრტჩიანი წარადგინა, ხოლო გორელოვკას საარჩევნო ოლქში (№41.05) პარტიამ „სახალხო ხელისუფლება“ ავთანდილ ნაკაიძე დაასახელა.
ამ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული სიების საფუძველზე გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ პარტიულ სიებში და კანდიდატთა დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 9 სექტემბერს დასრულდა. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემდეგ, საარჩევნო კომისია ვალდებულია გადაამოწმოს ისინი და გადაწყვეტილება 2-3 დღის ვადაში მიიღოს.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით, 64 საკრებულოს 2058 წევრს, ასევე 64 მერს აირჩევენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 37 287 ამომრჩეველია რეგისტრირებული.