
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ადრეული კარტოფილის მოსავლის აღება. ფერმერების თქმით, წლევანდელი მოსავალი საგრძნობლად ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. მთავარი მიზეზი ყინვებია, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა კარტოფილის ზრდას და, შესაბამისად, მოსავლიანობას.
სოფელ ჩამდიურას ფერმერის, ხაჩიკ აზნავურიანის თქმით, ცუდმა ამინდმა დიდი გავლენა იქონია კარტოფილის მოსავლიანობაზე.
„ზაფხულში რამდენჯერმე იყო ყინვა, რამაც კარტოფილის მინდვრებს დიდი ზიანი მიაყენა. მორწყვის საშუალება გვქონდა, რამდენჯერმე მოვრწყეთ, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთი ჰექტარის მორწყვა დაახლოებით 1200-1300 ლარი ჯდება“, — ამბობს ის.
აზნავურიანმა და მისმა ძმამ ერთად 13 ჰექტარზე კარტოფილი დათესეს. მისი თქმით, წელს კარტოფილის გასაყიდი ფასი 70 თეთრია და ის ამჟამად მოსავალს მინდვრიდან ყიდის.
„მიწის დამუშავება თავისთავად ძალიან ძვირია. ერთ ჰექტარზე დაახლოებით 10 000-დან 11 000 ლარამდე ვხარჯავთ. გარდა ამისა, მუშების დღიური ანაზღაურება ამჟამად 60-70 ლარია და შესაძლოა გაიზარდოს კიდეც“.
ფერმერი აღნიშნავს, რომ წელს ერთ ჰექტარზე დაახლოებით 200 ცენტნერი მოსავალი მიიღო, შარშან კი ეს მაჩვენებელი 300 ცენტნერს აღწევდა. არსებული მონაცემებით, მიღებული მოსავალი ხარჯებს ძლივს ფარავს. გარდა ამისა, ბოლო 40 დღეა ნალექი არ ყოფილა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
„მორწყვისთვის სახელმწიფო პროგრამით ერთ ჰექტარზე 75 ლარი გადავიხადეთ. ყველაფრის ფასი გაიზარდა, აზოტიდან და სხვა პესტიციდებიდან დაწყებული, მიწის ქირამდე. ყოველ წელს ერთ ასეულზე 15 ლარს ვიხდით. კარტოფილის ფასი რომ მინიმუმ 1 ლარი ყოფილიყო, რამე დაგვრჩებოდა“, — ამბობს აზნავურიანი.
აღსანიშნავია, რომ წელს კარტოფილის მწარმოებლები კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო პესტიციდების ეფექტურობაზე წუწუნებენ.
„წელს ხოჭოს საწინააღმდეგო წამალი ხუთჯერ შევისხი, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა, რადგან მაღაზიებში ხარისხიან პესტიციდებს არ ყიდიან“, — ამბობს სოფელ ჩამდიურას ფერმერი ხაჩიკ აზნავურიანი.
ამასთან, დასძენს: „ყველაფერი დროებითია. ბევრიც გვინახავს, ცოტაც. მთავარია, ვიცხოვროთ მშვიდობიანი ცის ქვეშ, რომ ჩვენი შვილები ჩვენს გვერდით დარჩნენ“.