ნორვეგიულმა ფონდმა Fritt Ord-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა მედიის თავისუფლების პრემიის ლაურეატები დაასახელეს, მათ შორის არის Netgazeti-სა და Batumelebi-ს დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
„მედიის თავისუფლების პრემიის“ წლევანდელი ლაურეატები არიან:
მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა),
ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო),
საგამოძიებო ონლაინ მედია Direkt 36 (უნგრეთი),
ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი),
მედიაარხი Belarus Investigative Center (ბელარუსი),
ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).
„პრემია მიენიჭება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ექვს დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტს ურთულეს პირობებში მათი მამაცი საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ საკუთარ გავლენას და წლევანდელი ლაურეატებიდან ორი ახლახან დააპატიმრეს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთით, მათი პროფესიული საქმიანობის გამო. ამ წლის ლაურეატების მიერ შექმნილმა არაერთმა შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა, როგორც მოკლემეტრაჟიანმა, ასევე სრულმეტრაჟიანმა, აუდიტორიის ყურადღება დაიმსახურა“, — ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.
Fritt Ord-ისა და ZEIT Stiftung Bucerius-ის ფონდებმა აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა და ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლისადმი 25-წლიანი ერთგულებისთვის.