
მთავრობა საქართველოს კალათბურთის ნაკრებს წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს. გარდა ამისა, მიღწეული თითოეული წარმატებისთვის დამატებით სამი მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ სპორტსმენებს ისტორიული წარმატება დღეს მთავრობის სხდომაზე მიულოცა.
„მინდა მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული დღე იყო. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო კალათბურთელებს ისტორიული წარმატება, პირველად ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ კალათბურთელს და მთელ გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს, ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო კალათბურთის ფედერაციას, ასეთი შედეგები თავდადებისა და შრომის გარეშე არ მოდის. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ მომავალში. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველის და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება შემდეგ თამაშებშიც ჩვენს მხარეს იქნება. ასევე მინდა მივულოცო ფეხბურთელებს გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და ასევე მინდა ვუსურვო მათ წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.“
რაც შეეხება კალათბურთელებს, იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიული შედეგი გვაქვს, გვსურს, ეს შედეგი მთავრობისგან შესაბამისი ფულადი ჯილდოთი აღვნიშნოთ და მიგვაჩნია, რომ უკვე მიღწეული წარმატებისთვის 3 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, ხოლო ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ყოველი მომდევნო თამაშისთვის, ჩემპიონატშიც 3 მილიონ ლარს დავადგენთ. 3 მილიონ ლარს მიღწეული შედეგისთვის და 3 მილიონ ლარს ყოველი მომდევნო გამარჯვებისთვის. ასეთი ბონუსი დაწესდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.