სურსათის ეროვნული სააგენტო 6 საშიში დაავადების წინააღმდეგ ცხოველების უფასო ვაქცინაციას ატარებს.

2025 წელს სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა ქვეყანაში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის 3.3 მილიონზე მეტი ვაქცინაცია და რევაქცინაცია ჩაატარა.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ტარდება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:

თურქული დაავადება – 1 207 500 (515 113 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 692 387 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი)

ციმბირის წყლული – 501 147 (296 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 200 440 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი)

ცოფი – 234 214

ბრუცელოზი – 126 094 (106 585 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 19 509 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი)

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ყვავილი – 294 678

წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირი – 954 781

სააგენტოს ვეტერინარები ცხოველების ჯანმრთელობას ყველა მუნიციპალიტეტში აკონტროლებენ, მათ შორის, პირუტყვის ბაზრებზე და საზაფხულო/საზამთრო საძოვრებზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს საშიში ინფექციური დაავადებების ან მოწამვლის გამო ცხოველების მასობრივი სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ვაქცინაციის პარალელურად, სააგენტო მკაცრად აკონტროლებს სასაკლაოებს, აგრარულ ბაზრებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხორცს, ხორცპროდუქტებს, რძესა და რძის პროდუქტებს.

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეიძინონ პროდუქცია, განსაკუთრებით მაღალი რისკის პროდუქტები, მხოლოდ ოფიციალურ სავაჭრო ობიექტებში, სადაც დაცულია სანიტარული და ტემპერატურული ნორმები. ბაზარზე ხორცს თან უნდა ახლდეს ვეტერინარული დოკუმენტი (ფორმა №2). დარღვევების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.