
ყოფილი №15 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მშენებლობა გრძელდება, თუმცა დასრულების ვადა შესაძლოა დაახლოებით ერთი თვით და ნახევარით გადაიწიოს.
ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე სკვერის მშენებლობა გრძელდება. მშენებლის წარმომადგენელთა თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტაცია. თუმცა, მანამდე გამოცხადებული 20 სექტემბრის ვადა დაახლოებით ერთი თვით და ნახევარით გადაიდო. მიზეზი ახალქალაქში არსებული ამინდის პირობებია- სამშენებლო სამუშაოების დაწყებას იანვარში გეგმავდნენ, მაგრამ იანვარში ახალქალაქში ყინვა და ქარბუქია, ამიტომ სამუშაოები მხოლოდ დათბობისთანავე დაიწყო.
„სამუშაოების დასრულების ვადები ჯერ არ ამოწურულა. ისინი ამ თვეში უნდა დასრულდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი გახანგრძლივება გახდეს საჭირო“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.
როგორც აღვნიშნეთ, ყოფილ №15 სამხედრო ქალაქში პარკის მშენებლობის ორწლიანი პროექტი მრავალბინიანი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლების წერილობითი თხოვნით დაიწყო. წერილში მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ უზარმაზარი ტერიტორია მიტოვებული იყო, საქანელები კი საბჭოთა პერიოდის, რის გამოც ბავშვებს სათამაშო ადგილი არ ჰქონდათ. შედეგად, ახალქალაქის მერიამ პარკის პროექტის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვა და საკრებულომ თანხის გამოყოფა დაამტკიცა.
პარკის პროექტის განსახორციელებლად ტენდერი გასული წლის 6 აგვისტოს გამოცხადდა. პროექტის ბიუჯეტი 1 138 507 ლარს შეადგენდა, პროექტი 2 წლის ვადაში უნდა განხორციელებულიყო (2024 წელს – 300 000 ლარი, 2025 წელს – 838 507 ლარი). ტენდერში ახალციხის შპს „გზამშენი №2 სამმართველო“-მ გაიმარჯვა 1 104 352 ლარით. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულება 2024 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე იგეგმება ველოსიპედის ბილიკის, მინი ფეხბურთის მოედნის, სპორტული მოედნის, საბავშვო მოედნის, ავტოსადგომის, დასასვენებელ ზონებში დეკორატიული სკამების, გაზონის, თავშესაფრების, სხვადასხვა საინტერესო მცენარეებისა და განათების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას სკვერის ასაშენებლად რკინის ავტოფარეხები და სხვა უნებართვო ნაგებობებია დანგრეული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქში 8 სკვერი და პარკი აღდგა და აშენდა. ამჟამად 2 მშენებლობის პროცესშია, ხოლო 1 სატენდერო ეტაპზეა.