
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 92% ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთან, ზრდა საქალაქო დასახლებებში 0.7 პროცენტულ პუნქტს, სასოფლო დასახლებებში კი 0.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა, შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება ძირითადად საქალაქო დასახლებებში დაფარვის ზრდასთან იყო დაკავშირებული.
ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფა 95.2%-ს შეადგენს, სოფლად კი – 87.6%-ს. რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (96.9%) და აჭარაში (94.5%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი დაფარვა (81.7%) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
გამოკვლევის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9%-მა ინტერნეტით ისარგებლა, რაც წინა წლის მონაცემებს 3.2 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტის მომხმარებელთა წილი ახალგაზრდებში ყველაზე მაღალია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობის 99% აქტიურად სარგებლობს ინტერნეტით. 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელია 96.6%, ხოლო 60+ მოსახლეობაში 65.4%-ია.
ელექტრონული კომერციისთვის ინტერნეტის გამოყენება მზარდ ტენდენციას აჩვენებს: 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 37.4%-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით საქონელი ან მომსახურება შეიძინა. ეს მაჩვენებელი ქალაქებში 43.4%-ია, სოფლად კი – 26.1%.
“გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.0%),”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.