
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ორი ახალი სკოლის, ერთი ქართულის და ერთი სომხური, მშენებლობა მიმდინარეობს. Jnews რეგულარულად სტუმრობს სამშენებლო ობიექტს, ბოლოს ივლისის შუა რიცხვებში იყო, თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა.
ეს არის სოფელ ოკამში მდებარე #1 საჯარო სკოლის ახლად აშენებული შენობა. ფოტო გადაღებულია 1 სექტემბერს.
ჩვენი ვიზიტის დროს ვერ შევძელით ქართული (#1) სკოლის შენობაში შესვლა, რადგან იმ დროს იქ მუშები არ იმყოფებოდნენ.
ხოლო მშენებლები ადგილზე იმყოფებოდნენ სომხურ (#2) სკოლაში. მათი თქმით, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.
სოფელ ოკამში მდებარე მე-2 საჯარო სკოლის ახლად აშენებული პირველი სართული. ფოტო გადაღებულია 1 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლა სამსართულიანი იქნება. მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა შპს „საბა კონსტრაქშენმა“.
მე-1 ქართული სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობის სახელშეკრულებო ფასი 3,444,944.34 ლარია.
მე-2 სომხური სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი, სახელშეკრულებო ფასი 2,146,295.60 ლარია.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, რათა მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლებში დაიწყონ.
შედარებისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
რა ეტაპზეა ჰოკამის სკოლების მშენებლობა?