
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ერთიან ამომრჩეველთა სიაში.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა, ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლებისთვის მონაცემების გადამოწმების რამდენიმე სერვისი ხელმისაწვდომია, მათ შორის, მობილური აპლიკაციის საშუალებით.
„4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, და 64 მერს. საარჩევნო პროცესის ორგანიზებისთვის გაიხსნება 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284-ში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767-ში ტრადიციული წესით ჩატარდება“.
იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა თავისუფლად და სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების რეალიზება, უაღრესად მნიშვნელოვანია წინასწარი ინფორმირება. ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები და გაარკვიონ, სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებისთვის რამდენიმე სერვისს სთავაზობს, მათ შორის, ვებგვერდს voters.cec.gov.ge.