
„ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, რომელიც ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, ამჟამად სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიერ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი რეპრესიული კანონების გაუქმებას და კორუფციის წინააღმდეგ კოორდინირებულ ბრძოლას ყველა დონეზე“, – განაცხადეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მათი აზრით, 2025 წელი კიდევ უფრო დამანგრეველი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.
„2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში 65 სინდისის პატიმარია, მიღებულია დამატებითი რეპრესიული კანონები და ადამიანების დევნა დღემდე გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავრობამ ევროკავშირს 2025 წლის 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ქვეყანაში არსებული სავალალო ვითარების გამოსასწორებლად და პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, მთავრობა აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. მთავრობის ამ ქმედებების გამო, რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმმა მოგვცა: შეხვედრები ნათესავებთან, თავისუფალი გადაადგილება, სამედიცინო მკურნალობა, განათლება, მუშაობა და განვითარება ევროპის ტერიტორიაზე. საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თუმცა, მთავრობის მიერ არჩეული გზა ამ მომავალს ანგრევს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და არსებული კრიზისის დასაძლევად ღია და ნდობით აღსავსე დიალოგის დაწყება. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულად ვაგებთ პასუხს მთავრობაზე და მიგვაჩნია, რომ ევროპულ მომავალზე უარის თქმა მიუღებელია. აუცილებელია უვიზო რეჟიმის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული გზის დაცვა“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.