
ახალქალაქის მომსახურების ცენტრმა მიიღო 117 ახალი 1100-ლიტრიანი მოცულობის ლითონის ნაგვის ურნა, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში იყო შეკვეთილი. ცენტრმა უკვე დაიწყო მათი განაწილება მთელი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ახალქალაქის მერიამ ურნების შესაძენად 167 778 ლარი გამოყო.
როგორც მომსახურების ცენტრის დირექტორმა, მხითარ რსტაკიანმა აღნიშნა, ახალი ურნები ქალაქში ძველებს ჩაანაცვლებს, ძველები კი, გარეცხვისა და შეკეთების შემდეგ, სოფლებში განთავსდება.
„სოფლებში ურნების რაოდენობას გავზრდით იქ, სადაც მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. მოსახლეობა ხშირად არ იხდის ნაგვის გატანის გადასახადს, თუ ნაგვის ურნები სახლებიდან შორს არის. ჩვენ გვსურს, ყველა სოფელი უზრუნველვყოთ საჭირო რაოდენობის ურნებით, რათა შევძლოთ თითოეული მაცხოვრებლისგან სააბონენტო გადასახადის შეგროვება“, — აღნიშნა რსტაკიანმა.
მიმდინარე შესყიდვის გათვალისწინებით, მომსახურების ცენტრმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამში, 480 ნაგვის ურნა შეიძინა.
ამჟამად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგვის გატანის გადასახადი თვეში ერთ ადამიანზე 50 თეთრია. ოთხი ან მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახებისთვის კი გადასახადი 2 ლარით ფიქსირდება. გადასახადს აკრეფენ კონტროლიორები, რომლებიც შეგროვებული თანხის 30%-ს იღებენ.
ნაგვის რეგულარული გატანა (2-3 დღეში ერთხელ) ხორციელდება ყველა იმ სოფელში, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული. მათ შორისაა: ხანდო, გომანი, დადეში, ბალხო, ხულგუმო, ხოსპიო, მარტუნი, კულიკამი, მურჯახეთი, თურცხი, დილისკა, ჩამდურა, ბარალეთი, ლომატურცხი, ბავრა, კორხი, თოთხამი, მაჯადია, ბუღაშენი, ღადოლარი, ორჯა, კარტიკამი, ფილიპოვკა.