
რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა თავისი ავიაცია აამოქმედა და სამხედრო თვითმფრინავები ჰაერში აუშვა.
ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოქმედი პროცედურების მიხედვით, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მოახდინა ყველა არსებული ძალისა და რესურსის მობილიზება. ჰაერში აყვანილია ორი გამანადგურებელი, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადარის სადაზვერვო სისტემები გადაყვანილია მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყებამ ასევე განმარტა, რომ მიღებული ზომების მიზანი პოლონეთის ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
21 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარებმა მასიური შეტევა განახორციელეს უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით. ქვეყნის უმეტეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩევოში.
უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იტყობინება, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 614 საჰაერო სამიზნით განახორციელა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 577 რუსული სამიზნე გაანეიტრალეს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გაუშვა 574 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 „კინჟალი“ ტიპის რაკეტა, 2 „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, 19 „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 14 „კალიბრი“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და 1 დაუდგენელი ტიპის რაკეტა.
დარტყმები დაფიქსირდა 11 ლოკაციაზე.