ახალქალაქის რაიონის სოფლებში ამჟამად მარცვლეულის მოსავლის აღება მიმდინარეობს. იმ სოფლებში, სადაც ადრე დაიწყო, უკვე დასასრულს უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ყინვები იყო, შემდეგ კი შედარებით მშრალი ამინდი და წვიმა არ მოსულა, ბევრი მაცხოვრებელი კმაყოფილია მარცვლეულის მოსავლით.

ჩვენ ახალქალაქის რაიონის სოფელ მურჯახეთში ვიყავით, სადაც მარცვლეულის მოსავლის აღება თითქმის დასრულებულია. ის დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო. მოსახლეობა მიღებული მოსავლით კმაყოფილია.

„ქერის მოსავალი კარგია, გასულ წელთან შედარებით – ძალიან კარგი“, – თქვა მურჯახეთის მკვიდრმა ანჟელა ჯორუღიანმა და დასძინა, რომ წელს სეტყვა არ იყო, თუმცა მინდვრები დაზიანდა ყინვისგან.

ანჟელამ თქვა, რომ სმენია, ახლა ქერის ფასი 50-55 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

მისი თქმით, მურჯახეთში ქერს ბევრს არ თესავენ, რადგან კარტოფილის მოყვანას ამჯობინებენ.

სოფელში მარცვლეულს ძველი და ახალი კომბაინებით იღებენ და 0.01 ჰექტარი მარცვლეულის აღებისთვის 3 ლარს იხდიან. როგორც ანჟელამ აღნიშნა, სოფელში 2 კომბაინია, ასევე ჩამოდიან გარედანაც. წელს მოწეული მარცვლეული მშრალი იყო, რის გამოც შედარებით ადრე დაასრულეს.

გასულ წელს, გაზაფხულის დასაწყისში მარცვლეული 1 ლარად გაიყიდა, ამიტომ, როგორც ანჟელამ თქვა, ელოდებიან, რომ ფასი ოდნავ მოიმატებს და შემდეგ გაყიდიან.

ფენია თოროსიან