
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 51-მა დეპუტატმა საქართველოს შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე „ავტორიტარულ რეგრესზე“ არის საუბარი.
ორ ათეულზე მეტი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ის არ შეიცვლის თავის პოლიტიკას, გადაიხედება ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ასამბლეაში. ისინი ასევე მოუწოდებენ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცედურები, „ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია წესდების მე-3 მუხლში“.
განცხადების ავტორები იხსენებენ იანვარში მიღებულ სპეციალურ რეზოლუციას, რომელმაც დაადასტურა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილამდე დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. ასამბლეა კერძოდ მოითხოვდა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე დგანან. ეს აღარ არის ცალკეული შემთხვევები, არამედ სისტემატური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ოპოზიციის განადგურებას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას“, — ნათქვამია დოკუმენტში.