
ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი კვირაა, რაც საკანალიზაციო წყალი იღვრება. ამის გამო აუტანელი სუნი დგას არა მხოლოდ ამ კონკრეტულ უბანში, არამედ ქალაქის უმეტეს ნაწილში. ადგილობრივების თქმით, პრობლემა უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა ამ დრომდე არ მოგვარებულა.
„ერთი კვირის წინ ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრიდან მოვიდნენ, თქვეს, რომ კანალიზაციის გასაწმენდად ტექნიკა უნდა მოეყვანათ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი გაკეთებულა“, — აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ შესაბამისი სამსახურები რაც შეიძლება მალე მოახდენენ რეაგირებას და აუტანელი სუნის წყაროს აღმოფხვრიან.
Jnews-მა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ დაამყარა კონტაქტი, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემა კომპანიის კონტროლს სცდება.
„ეს არის შიდა ქსელის პრობლემა, სადაც ჩვენი კომპანია არ მუშაობს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ სამუშაო საათების შემდეგ მოვიდეს კერძო ხელოსანი და იმუშაოს, ჩვენ კი მხოლოდ ზედამხედველობას განვახორციელებთ, რათა ყველაფერი სწორად შესრულდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად შევასრულოთ სამუშაოები, რადგან ეს ტერიტორია „წითელი ხაზის“ მიღმაა. ეს საკითხი ეკუთვნის ქონების მფლობელს, ანუ პრობლემის მოგვარება აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირის პასუხისმგებლობაა“, — აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩის ამ ნაწილში სულ ახლახან აშენდა სადრენაჟო სისტემა და გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი მფლობელის კანალიზაციაა მწყობრიდან გამოსული. საკანალიზაციო წყალი აღამალიან-აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე ჟონავს. ასევე გაურკვეველია, ვინ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი. Jnews-ი შეეცდება დეტალების გარკვევას და მომდევნო პუბლიკაციებში მკითხველს წარუდგენს.