საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უსახლკარო და თავშესაფარში მყოფი ცხოველების (ძაღლებისა და კატების) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე პროგრამა აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, დააფიქსიროს უმეთვალყურეოდ მყოფი ცხოველების ადგილსამყოფელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე – 15-01, ასევე, ითანამშრომლოს სპეციალურ ჯგუფებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების დაჭერას და პროგრამით გათვალისწინებულ თავშესაფრებში გადაყვანას.

ცხოველებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, თავშესაფარში გაივლიან ვეტერინარულ შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცედურები. ყველა ვეტერინარული პროცედურის შემდეგ, სპეციალურად შექმნილი ჯგუფები ცხოველებს მათ ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებასა და მოხალისეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის კონტროლს, მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.

პროგრამა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 9000 უსახლკარო და თავშესაფარში მყოფი ცხოველის დაჭერა და განთავსება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოყოფილ თავშესაფრებში, სადაც ჩატარდება ყველა საჭირო პროცედურა. პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ შეიძინა 20 ავტომობილი, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემებით, ბადეებით, საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით. ასევე, დასაქმდა დამატებითი 40 თანამშრომელი 20 გუნდში სამუშაოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.