15 აგვისტოს, მრავალთვიანი დაგვიანების შემდეგ, საბოლოოდ დაიწყო ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო გზის ახალქალაქი-ვაჩიანის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია “ჯავახავტოგზა” გზის 3-დან 7.8 კილომეტრამდე მონაკვეთს შეაკეთებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 772 ათასი ლარია.

ახალქალაქი-კარწახის გზა დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო. მიუხედავად მოსახლეობის მუდმივი უკმაყოფილებისა და Jnews-ის პუბლიკაციებისა, რეალური სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო და ისიც არა მთელი გზის მონაკვეთზე.

ამ მონაკვეთზე დიდი რაოდენობით სატვირთო მანქანა მოძრაობს, რამაც გზა კიდევ უფრო დააზიანა. ბოლო თვეების განმავლობაში გზის სავალალო მდგომარეობის გამო მხოლოდ გასწორების სამუშაოები ჩატარდა, რასაც დროებითი შედეგიც კი არ მოჰყოლია.

გზის შეკეთებაზე ხელშეკრულება აპრილში გაფორმდა, თუმცა პრაქტიკული სამუშაოები მხოლოდ ახლა დაიწყო. დაგვიანების გამო გადაადგილება სერიოზულ პრობლემად იქცა. თუ ადრე სოფელ სულდიდან ახალქალაქამდე მისასვლელად 15 წუთი იყო საჭირო, ახლა იგივე გზის მონაკვეთის დასაფარად მძღოლს დაახლოებით 1 საათი და 10 წუთი სჭირდება. დროის დაკარგვის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლების ხარჯებიც.

ახალქალაქი-კარწახის გზის შეკეთების დაგვიანებული დაწყება იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა თვეების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები საბოლოოდ დაიწყო, კითხვა რჩება, დასრულდება თუ არა ის დროულად და შესაბამისი ხარისხით, თუ ისევ დროებითი გამოსავალი იქნება, რომელიც მოსახლეობის პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

ასევე წაიკითხეთ:
ახალქალაქი-კარწახის გზის პრობლემური შეკეთება