დღეს, 17 აგვისტოს, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული სომხური ეკლესიის ხუთი საკურთხევლის დღესასწაულიდან მეოთხეა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი შვიდი დღესასწაულიდან უძველესი.

დილით ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც ყურძნის კურთხევისა და შესაწირავის ცერემონია გაიმართა. ეკლესიის ტრადიციის თანახმად, ყურძენთან ერთად, მიწის სხვა ნაყოფიც იკურთხება.

ლეგენდის თანახმად, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იერუსალიმში ცხოვრობდა მახარებელი იოანეს მფარველობის ქვეშ. თორმეტი წლის განმავლობაში ის ყოველდღე სტუმრობდა თავისი ძის საფლავს და ლოცულობდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აცნობა მიძინების შესახებ. ღვთისმშობელმა ეს ამბავი მის ნათესავებსა და ქრისტიანებს გადასცა და ბრძანა, რომ გეთსიმანიის ტაძარში დაეკრძალათ. გარდაცვალების წინა დღეს, ღვთის ნებით, მოციქულები მის სახლში შეიკრიბნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოციქულ იოანეს სთხოვა ლიტურგიის აღსრულება და უკანასკნელად მიიღო წმინდა ზიარება. სიცოცხლის ბოლო წუთებში მან თავისი გამოსახულება იოანეს მიერ მოტანილ დაფაზე აღბეჭდა.

xaxox orhnenq

ვაზის კურთხევა ასევე უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე აღესრულება. ვაზს განსაკუთრებული მცნება აქვს, რადგან თავად უფალმა შეადარა თავი ვაზს: „მე ვარ ჭეშმარიტი ვაზი“ (იოანე 15:1). ქრისტემ თავის მიმდევრებს ტოტები უწოდა, მამას კი – მიწათმოქმედი, რომელიც ვაზს უვლის, რათა მან სიმართლის ნაყოფი გამოიღოს.

xaxoxorhnenq1

საიდუმლო ვახშმის დროს ქრისტემ მოწაფეებს ღვინო მისცა და მას თავისი გამომსყიდველი სისხლის სიმბოლო უწოდა: „რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა“ (მათ. 26:28). ამ სისხლით კაცობრიობა გადარჩა და გათავისუფლდა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან.

ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დეკანოზმა მამა ნშან ჰმაიაკიანმა და მღვდელმა მამა ნარეკ ტიგრანიანმა ყურძენი აკურთხეს და მორწმუნეებს დაურიგეს.