თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, FARA-ს ახალი კანონისა და USAID-ის პროგრამების შეჩერების გამო, ახალციხის ტელეარხმა TV9-მ 2024 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა მაუწყებლობა, ხოლო 2025 წლის ივნისიდან – ვებგვერდის ფუნქციონირება. 12 თანამშრომლიდან მხოლოდ ორმა შეძლო დასაქმება, ათი კი უმუშევარია.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს TV9-მ მაუწყებლობა შეწყვიტა და თავისი ოფისი, აღჭურვილობასთან ერთად, დაკეტა. ვებგვერდმა რამდენიმე თვე გაძლო, მაგრამ 2025 წლის მაისში მასაც მოუწია ფუნქციონირების შეწყვეტა. კომპანიის დირექტორის, მაია იველაშვილის თქმით, საქართველოში USAID-ის პროგრამების შეჩერების შემდეგ ტელეკომპანიამ ძირითადი დაფინანსება დაკარგა და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

„ჩვენ გვქონდა ოთხი გრანტი და ყველა შეჩერდა ტრამპის განცხადების შემდეგ. ტელევიზია არ მუშაობს გასული წლის დეკემბრიდან, გადამცემი გაფუჭდა, ამიტომ მაუწყებლობა შეუძლებელი იყო. თუმცა მთავარი მიზეზი კანონია. ვებგვერდის ფუნქციონირება მაისის ბოლოს შევწყვიტეთ. დაფინანსების გარეშე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეწყვიტა საქმიანობა,“ — განაცხადა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა, მაია იველაშვილმა.

TV9 ახალციხეში 1997 წლიდან, ხოლო ონლაინ ვებგვერდი 2017 წლიდან ფუნქციონირებდა.

2024 წელს TV9-მ მიიღო ოთხი გრანტი: ორი ამერიკული ორგანიზაციებიდან, ერთი ევროკავშირიდან, რომელიც გასული წლის სექტემბერში დასრულდა, და ერთი გერმანული ორგანიზაცია Deutsche Welle-დან.

12 თანამშრომლიდან მხოლოდ ორმა შეძლო სხვა ორგანიზაციებში დასაქმება. დანარჩენები უმუშევართა რიგებს შეუერთდნენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ტელეკომპანია ერთ დღეს განაახლებს მუშაობას. თითქმის 30-წლიანი არსებობის განმავლობაში TV9-ს ჰყავდა საკუთარი ტელემაყურებელი და მკითხველი.

საქმიანობის განახლების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე მაია იველაშვილმა უპასუხა:

„ადამიანი იმედით ცოცხლობს.“

მან დაამატა, რომ ტელეკომპანიის მუშაობის აღსადგენად დონორებს ეძებს.