ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში „ენერგო პრო ჯორჯია“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ცვლის მოძველებულ ტრანსფორმატორებს, მიწისქვეშა და საჰაერო ქსელებს, რაც გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს, შეამცირებს ავარიულ გათიშვებს და უზრუნველყოფს აბონენტებისთვის შეუფერხებელ ელექტრომომარაგებას.

Jnews-მა დაუკავშირდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, რათა გაერკვია, თუ რა კონკრეტული სამუშაოები ჩატარდა ამ ტერიტორიაზე.

„ჩვენს ქსელში რეგულარულად ვატარებთ როგორც გეგმურ-პროფილაქტიკურ, ასევე აღდგენით სამუშაოებს“, – განაცხადა „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

კომპანიის ცნობით, ამჟამად სერვისცენტრის ტექნიკური სამსახური ახალქალაქში არსებულ ორ სატრანსფორმატორო პუნქტს (509-011-დან 509-015-მდე) დამაკავშირებელი გაცვეთილი მიწისქვეშა კაბელის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

„პროექტი დავით აღმაშენებლისა და ერევნის ქუჩებს მოიცავს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ სატრანსფორმატორო პუნქტებზე მიერთებული აბონენტები უფრო სტაბილურ ელექტრომომარაგებას მიიღებენ“, — განაცხადეს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

erevaynan1

სერვისცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა კაბელის გაყვანა ტექნიკურმა სამსახურმა უკვე დაასრულა. გზის აღდგენა იმ მონაკვეთებზე, სადაც კომპანიამ იმუშავა, 10-12 დღეში დასრულდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო ქსელის აღდგენითი პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია 120 ახალი 10 კვტ და 115 დაბალი ძაბვის ბოძის შეცვლაც. სერვისცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა:

„ამ მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების 40%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, დანარჩენი კი აქტიურად გრძელდება“.

წელს აღდგენითი პროექტების ფარგლებში ახალქალაქში 620 მეტრის სიგრძის 10 კვტ მიწისქვეშა კაბელი შეიცვალა, რომელიც დავით აღმაშენებლისა და ერევნის ქუჩებზე 509-004 და 509-006 ქვესადგურებს აკავშირებს. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, 100 მეტრის სიგრძის კაბელი №1 საბავშვო ბაღის ტერიტორიიდან გადაიტანეს.

„წერეთლის ქუჩაზე 100 მეტრის სიგრძის ახალი მიწისქვეშა კაბელით შეიცვალა ძველი, გაცვეთილი ქსელი, რომელიც ყოფილი სამხედრო ბანაკის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფდა“, — აღნიშნავენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

2025 წელს უკვე შეიცვალა ორი დაზიანებული მძლავრი ტრანსფორმატორი, იგეგმება კიდევ ერთი მძლავრი ტრანსფორმატორის შეცვლა უფრო დიდი სიმძლავრით.

კომპანიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა: „ძაბვისა და ელექტრომომარაგების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სასაფლაოს მიმდებარედ სამი ახალი სატრანსფორმატორო პუნქტი დაემატა, მოძველებული და გაცვეთილი ღია ტიპის პუნქტი შეიცვალა, ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი ახალი სატრანსფორმატორო პუნქტის დამონტაჟება იგეგმება“.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოების მიზანია აბონენტების შეუფერხებელი ელექტრომომარაგების გაუმჯობესება და ავარიული გათიშვების რაოდენობის შემცირება.