ახალქალაქსა და რაიონის ზოგიერთ სოფელში უსაფრთხოების მიზნით სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. საერთო ჯამში, კამერები 38 მისამართზე განთავსდა.
კამერების დამონტაჟებაზე ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის საწყისი ღირებულება 25 999 ლარს შეადგენდა. ტენდერში შპს „თიემელნეტმა“ გაიმარჯვა, 25 549 ლარით.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მნაცაკან პამბუხჩიანის თქმით, კამერების დამონტაჟების პროცესი უკვე დასრულდა და ყველა მისამართზე, სადაც დაგეგმილი იყო, უკვე დამონტაჟებულია.
მოსახლეობის უმრავლესობამ კამერები უკვე ნახა.
„ვიცი, რომ კამერა დაყენებულია, მე თვითონ ვნახე“, — განაცხადა სოფელ ვაჩიანის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მისი თქმით, სოფელში კამერების არსებობას უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი დადებითი მხარე აქვს. შემდეგ კი უარყოფითი მხარეებიც ახსენა.
„კარგია უსაფრთხოების ყველა კუთხით, ვერ იქნება ქურდობა და სხვა სახის ცუდი ქმედებები. ცუდი კი ისაა, რომ უნებურად ადამიანის სივრცეში იჭრებიან და აკონტროლებენ“, — თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლემ მუდმივი მეთვალყურეობა კამერების უარყოფით მხარედ დაასახელა, მაინც ფიქრობს, რომ კამერების არსებობა ყველას ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს გახდის.
როგორც ზემოთ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ირკვევა, კამერები რამდენიმე სოფელში დამონტაჟდა:
ვაჩიანი (41.35163, 43.43006)
დადეში (41.28379, 43.42157)
აზავრეთი (41.58643, 43.45453)
ბალხო (41.51018, 43.53513)
ოლავერდი (41.46175, 43.55982)
ბავრა (41.40423, 43.50798)
ბურნაშეთი (41.58407, 43.47016)
სოფელ დილისკის მოსახვევში (41.41335, 43.48126)
სოფლების კულიკამისა და კარტიკამის მოსახვევში (41.40825, 43.52346)
კამერების კონკრეტული ადგილების სანახავად, შეგიძლიათ ფრჩხილებში მითითებული კოორდინატები მოძებნოთ ვებგვერდზე: www.maps.gov.ge (გაითვალისწინეთ, რომ ჯერ მძიმის შემდეგ მითითებული კოორდინატი უნდა მიუთითოთ, შემდეგ კი – მძიმის წინ მითითებული).
ფენია თოროსიან