წელს ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების რამდენიმე სკოლის მოსწავლემ დაამტკიცა, რომ მონდომებასა და ცოდნის სიყვარულს ნებისმიერი საზღვრის გადალახვა შეუძლია. ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს მათ არა მხოლოდ მაღალი შედეგები, არამედ მოწიფული მიდგომა, ღირებულებები და მიზნები აჩვენეს, რაც რეგიონის მომავლის იმედს ბადებს.

არმან აბაჯიანი, მილენა ბაღნიქიანი, სოფელი ვარევანი

არმან აბაჯიანი ვარევანის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პირველი ოქროს მედალოსანია. მან გამოცდებზე 63/80 ქულა დააგროვა და აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესის მიღმაც: მონაწილეობდა სხვადასხვა პროგრამებში, ატარებდა ტრენინგებს და მუდმივად ცდილობდა განვითარებას.

„საგამოცდო ოთახში თავს თავისუფლად, მშვიდად ვგრძნობდი და რაც მთავარია, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, რამაც საშუალება მომცა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. აუტანელი სიცხეც კი სასიამოვნო მეჩვენებოდა“, — ღიმილით იხსენებს არმანი.

მისი თქმით, გამოცდებისთვის ჯერ თვითგანათლებით ემზადებოდა, შემდეგ კი მხოლოდ ერთი თვე დადიოდა მათემატიკის გაკვეთილებზე. მიღებული შედეგი მისი შესაძლებლობებისადმი ნდობის საუკეთესო დადასტურება იყო.

„სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როცა ჩემი ქულები ვნახე. დავუმტკიცე ჩემს თავს, რომ წლების განმავლობაში შეძენილი ცოდნა და ჩემი ძალისხმევა უშედეგო არ ყოფილა. საგამოცდო ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც, ობიექტურად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქულები 60-ზე მაღალი იქნებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შეცდომები მქონდა, რისი თავიდან აცილებაც შემეძლო, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ხელს არ შემიშლიდა მაღალი ქულების მიღებაში“.

არმანი სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით არ შემოიფარგლება. მას სურს საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა და თავისი ცოდნის საზოგადოებისთვის სამსახურად ქცევა.

ვარევანის იმავე სკოლის ოქროს მედალოსანია მილენა ბაღნიქიანიც. მან ასევე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და გამოცდებზე 69/80 ქულა დააგროვა.

„პირველ რიგში, ჩემს თავს დავუმტკიცე ჩემი შესაძლებლობები, შემდეგ კი გავამართლე იმ ადამიანების მოლოდინები, ვისაც ჩემი სჯეროდა, უპირველესად კი ჩემი ოჯახის“, — ამბობს მილენა და გულწრფელად აღიარებს, რომ თავიდან ეგონა, უფრო მაღალი ქულის აღება შეეძლო.

ბევრი აბიტურიენტისგან განსხვავებით, მილენა რეპეტიტორებთან არ დადიოდა. ის გამოცდებისთვის დამოუკიდებლად ემზადებოდა, კონცენტრირებული იყო როგორც მასალაზე, ისე დროის მართვაზე. მისი მიდგომა მარტივია: წარმატება მხოლოდ ქულებით არ იზომება.

„მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეძენილი თვისებები – სწრაფვა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა – სწორედ ეს არის წარმატების ნამდვილი გასაღები“.

გამოცდის დღეს მშვიდად იყო, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. გამოცდის დროს ორიენტირებული იყო დროის სწორად განაწილებაზე და ისე სწრაფად დაასრულა, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ გავიდა დრო.

„ჩემი მიზნები მხოლოდ დიპლომის აღებით არ შემოიფარგლება. მომავლისკენ მიმავალ გზაზე განვითარების სურვილი ყოველთვის თან მსდევს – თვითგანათლება და უკეთესობისკენ სწრაფვა, სხვების შთაგონება და იმის დამტკიცება, რომ საცხოვრებელი ადგილისა და გარემოებების მიუხედავად, დიდი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ უბრალოდ დაიწყებ მოქმედებას და საკუთარი თავის გწამს“.

bagnikyan

კალეფსია მარტიროსიანი, სოფელი დადეში

კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი ახალქალაქის სოფელ დადეშიდან კალეფსიაა. მან 62/80 ქულით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე, რათა მომავალში იურისტი გახდეს.

„გამოცდის დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ღამით თითქმის არ მეძინა. მაგრამ საგამოცდო ოთახში შევძელი კონცენტრირება და ყველაფრის დავიწყება. გზაც ცოტა გრძელი იყო, რადგან ქალაქგარეთ ვცხოვრობ. საბედნიეროდ, სიცხე არ იყო, მაგრამ გულის დაძაბულობა დიდი მქონდა. შიგნით შესვლის შემდეგ შევეცადე კონცენტრირება და ყველაფრის დავიწყება“, — იხსენებს ის.

მისი თქმით, რამდენიმე დავალება საეჭვოდ ეჩვენა, მაგრამ როდესაც შედეგი ნახა, ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

„ეს აუხსნელი გრძნობა იყო. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი. ეს ამდენი თვის მუშაობის შედეგი იყო“.

კალეფსიას ოცნებაა, გახდეს ისეთი იურისტი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება და სამართლიანობისთვის იბრძოლებს.

„ყოველთვის მაინტერესებდა სამართლიანობა და კანონი. ჩემი ოცნებაა, გავხდე იურისტი, რომელიც დაეხმარება ხალხს, იბრძოლებს სამართლიანობისთვის და თავის ცოდნას საზოგადოების გაუმჯობესებას მოახმარს“.

kalepsya

გრიგორ დარბინიანი, ახალქალაქის №5 საჯარო სკოლა

ბევრისგან განსხვავებით, გრიგორმა ეს გზა დამატებითი მეცადინეობების გარეშე გაიარა. ის ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში სწავლობდა და გამოცდებზე მხოლოდ სასკოლო ცოდნით გავიდა.

„დაძაბული არ ვყოფილვარ. უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენ ქულას ავიღებდი, ავიღე 65/80“, — გულწრფელად ამბობს ის.

გრიგორმა კარგი შედეგი აჩვენა და უკვე ერევნის ჰერაცის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„ვოცნებობ, ექიმი გავხდე. სწავლას იქ გავაგრძელებ, მოტივირებული და მიზანდასახული“, — ამბობს მომავალი ექიმი.

grigor

ეს საგამოცდო სეზონი და შედეგები იმის დასტურია, რომ რეგიონულ თემებშიც არიან ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენტუნარიანები იყვნენ ეროვნულ დონეზე, შეზღუდულ პირობებშიც კი. ბევრი მათგანი დამოუკიდებლად, რეპეტიტორების გარეშე ემზადებოდა, ზოგჯერ კი მხოლოდ სასკოლო ცოდნას ეყრდნობოდა.

მიღებულმა ქულებმა კიდევ ერთი რამ აჩვენა: ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ ცოდნის კი არა, თავდაჯერებულობის, ყურადღებისა და კონცენტრაციის გამოცდაც არის. ახალქალაქელმა აბიტურიენტებმა კი დაამტკიცეს, რომ სწორი მიდგომით ამ გამოცდის ღირსეულად ჩაბარება შესაძლებელია.