ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა, რაც თიბვის სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს თიბვა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია- ზოგი საკუთარი პირუტყვისთვის ამზადებს თივას, ზოგი კი გასაყიდად.
სამუშაოები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით – ტრაქტორებითა და სათიბებით ხორციელდება, თუმცა ზოგიერთ დასახლებაში ჯერ კიდევ გამოიყენება ხელით შრომა.
დადეშის მკვიდრთა თქმით, წლევანდელი ამინდის პირობები ხელსაყრელი იყო – თივა ბევრი და ხარისხიანია.
სოფლის მაცხოვრებელმა ალბერტ ჰარუთიუნიანმა გვიამბო: „წელს თივა კარგად მოვიდა, მაგრამ არ ვყიდი. ჩემი პირუტყვის გამოსაკვებად ძლივს მყოფნის. ერთი პრესი დაახლოებით 6-7 ლარი ღირს“.
სოფელ ორჯიდან რუდიკ არევიანიც თავისი პირუტყვისთვის იმარაგებს საკვებს. მისი თქმით, ერთი პრესი თივის ფასი 6 ლარიდან იწყება.
„ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. თუ ფული გაქვს, იოლად იყიდი თივას ზამთრის შუა პერიოდშიც კი. მე არ ვყიდი, ძლივს ვახერხებ ჩემი პირუტყვის გამოკვებას. გამიგია, რომ ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები მეზობელი სოფლებიდან ყიდულობენ თივას“, – ამბობს ის.
რუდიკ არევიანი აღნიშნავს, რომ მის ფერმაში 10 სული პირუტყვია და წელს თივის შეგროვება ცოტა უჭირს. „იძულებული ვარ, ჩემი პირუტყვისთვის ზამთრის საკვებად სალომი მოვიმარაგო“, – ამატებს ის.
სოფელ სულდას მაცხოვრებლის, ლუდვიგ ზაქარიანის თქმით, მას ცოტა მიწა აქვს, პირუტყვი კი ბევრი.
„წელს თივაც ვიყიდე და ნაკვეთიც ვიქირავე, რომ ჩემი პირუტყვი გამომეკვება. ზამთარში ჩემს ცხოველებს დაახლოებით 700 პრესი საკვები სჭირდება. წელს ყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე მთლიანად ნაკვეთის დამუშავება. თივა ჩვენს სოფელში ვიყიდე, ერთ პრესში 6 ლარი გადავიხადე, მე თვითონ წავედი და ჩამოვიტანე. ასე უფრო გამიადვილდა“, – თქვა ლუდვიგ ზაქარიანმა.
ამჟამად სოფელ სულდაში თივის ერთი პრესის ფასი 6-8 ლარის ფარგლებში მერყეობს. სულდელმა ვლადიმერ კაროიანმა აღნიშნა.
„მე თვითონ ვყიდი ერთ პრესს 6-8 ლარად. თუ ახალი პრესით ვაკეთებთ, ფასი 8 ლარია, ძველით კი – 7. განსხვავება ზომაშია“.
მისი თქმით, წლევანდელი მოსავლიანობა თითქმის არ განსხვავდება შარშანდელისგან.
„შეიძლება ითქვას, რომ თივის რაოდენობა იგივეა. წლევანდელი თივა ძალიან ხარისხიანია, რადგან ამინდის პირობები ხელსაყრელი იყო. მხოლოდ წვიმის ნაკლებობამ დააზიანა კარტოფილის ყანები, პირუტყვი კი დაავადდა“.
ვლადიმირ კაროიანმა ისიც დაამატა, რომ მყიდველები ძირითადად მეზობელი სოფლებიდან არიან.
„საქართველოს სხვა რეგიონებიდან მყიდველები არ გვყავს, მხოლოდ რეკავენ და ფასებით ინტერესდებიან. მათთან ერთი პრესი 6 ლარი ღირს, მაგრამ ძალიან პატარაა და იმიტომაცაა იაფი. ჩვენი პრესები უფრო დიდია და მძიმე“.
გევორგ ჯანოიან