ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 29 სექტემბერია.

გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, აკრედიტაციის მისაღებად ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 24 სექტემბრისა, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არაუგვიანეს 27 სექტემბრისა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეებს ახსენებს 4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების აკრედიტაციის/რეგისტრაციის ვადების შესახებ. 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება მუნიციპალური ორგანოების არჩევნები. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ 64 მერს და 64 მუნიციპალური საკრებულოს 2058 წევრს. ამომრჩეველთა თითქმის 90%-ს შეეძლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ხმების დამოწმებისა და დათვლის მოწყობილობების გამოყენებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 3051 საარჩევნო უბანი გაიხსნება, რომელთაგან 2284 ელექტრონულად, ხოლო 767 ტრადიციული წესით მისცემს ხმას.“

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდეს. საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება არჩევნებთან დაკავშირებული ქმედებები, პროცედურები და ღონისძიებები. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა.

საარჩევნო პროცესის მონაწილეებს – როგორც მედიას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროცესის დაკვირვებითა და გაშუქებით – შევახსენებთ, რომ აუცილებელია ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის პროცედურების დროულად დასრულება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადაა 29 სექტემბერი (18:00). რეგისტრაციისთვის ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში არაუგვიანეს 24 სექტემბრის (18:00) ჩათვლით, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს უნდა დაუკავშირდნენ არაუგვიანეს 27 სექტემბრის (18:00) ჩათვლით. აკრედიტაციის/რეგისტრაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ცესკოს ვებგვერდს — www.cesko.ge ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ცენტრის ნომერზე — 2 51-00-51“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.