ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ კარწახში მდებარე სურბ ჰოვანეს კარაპეტი ეკლესიის კარები ორწელიწად-ნახევარია მრევლისთვის დაკეტილია, რაც გამოწვეულია სახურავით, რომლის დაფარვაც ორი რეაბილიტაციის შემდეგ ვერ ხერხდება, რათა წყალი არ გაჟონოს. ერთი წლის წინ კარწახის მაცხოვრებლებმა ეკლესიის სახურავის ხელახლა შესაკეთებლად თანხები შეაგროვეს, თუმცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად ისინი რელიგიურ საკითხთა სააგენტოსგან ნებართვას ელოდნენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეკლესიის სახურავის აღდგენის ნებართვა გასცა.

„სახურავი უნდა შევაკეთოთ, ხელოსნები ვიპოვეთ, მაგრამ მუშაობის დაწყებას მხოლოდ სექტემბერში შეძლებენ. ჯერჯერობით მთლიანი ეკლესიის შეკეთებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ სახურავი უნდა გავარემონტოთ. ყველაფერი გვაქვს: ნებართვაც, პროექტიც და ყველა საჭირო საბუთი“ – განაცხადა სოფელ კარწახის რწმუნებულმა, გაბრიელ კარაპეტიანმა.

Jnews წლების განმავლობაში აკვირდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი ეკლესიის – სურბ ჰოვანეს კარაპეტის ბედს. პირველი მასალა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა, მაშინ ზაფხულშიც კი ეკლესიის კედლები სველი იყო, სახურავიდან კი წყალი ჩამოდიოდა. უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა გარემონტდა, მაგრამ პრობლემა მაინც მოუგვარებელი დარჩა.

2012 წელს ძველი გადახურვა ახლით შეცვალეს, მაგრამ ამან მოლოდინი არ გაამართლა და სახურავიდან წყალმა ისევ დაიწყო ჩამოსვლა. ეკლესიის შენობაში ხავსი და ობი იყო მოდებული. კედლები ყველგან ხავსით იყო დაფარული, სვეტებიდან წყალი წვეთავდა, ხატები „ტიროდნენ“.

Jnews-მა კარწახის ეკლესიის შესახებ მეორედ 2020 წელს დაწერა. მოქმედი ეკლესიის შიგნით წყალი იდგა. ადგილობრივებმა და ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატმა მოწოდება გააკეთეს და მოუწოდეს ხალხს, დახმარებოდნენ წყალში „დამხრჩვალ“ ეკლესიას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის სურბ ჰოვანეს კარაპეტის ეკლესიის რესტავრაციისთვის ანგარიშიც კი გაიხსნა. თუმცა, როგორც ირკვევა, მაშინ ჩატარებულმა რემონტმა, დროთა განმავლობაში, ისევ გაჟონვა დაიწყო.

2024 წელს სოფელ კარწახიდან წამოსულებმა ეკლესიის სახურავის შესაკეთებლად თანხის შეგროვება კვლავ დაიწყეს. ამ მიზნით, ანგარიშები რუსეთში, სომხეთსა და სოფელში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კარწახში სურბ ჰოვანეს კარაპეტის ეკლესია ხელახლა 2012 წლის 14 ივლისს იკურთხა. ეკლესიის სახურავი მთლიანად ქვის ფილებითაა დაფარული. სოციალიზმის დროს ეკლესია ხელისუფლების იურისდიქციაში გადავიდა, 1929 წელს დაიხურა, ხოლო 1933 წელს კი საწყობად გადაკეთდა. 1992 წლიდან ეკლესია მივიწყებული იყო და მხოლოდ 20 წლის შემდეგ აღადგინეს და გახსნეს. დღეს ეს მოქმედი ეკლესიაა, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, მაგრამ ამჟამად ის დროებით დაკეტილია.