„როიტერის“ ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად „ალ ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორისაა 28 წლის ანას ალ-შარიფი, რომელსაც ისრაელი ადრეც ემუქრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად, ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ანას ალ-შარიფი მოკლეს და დაამატეს, რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა. „ალ ჯაზირამ“ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ანას ალ-შარიფი ღაზას ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტი იყო და რომ თავდასხმა „ხმების ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობა იყო ღაზას ოკუპაციის მოლოდინში“.