
ახალქალაქის მერიამ ტურცხისა და ეხტილას შიდა გზების ასფალტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტების განსახორციელებლად თითქმის 1.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სამუშაოების დასრულება კი ორ წელიწადშია დაგეგმილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების ასფალტირება გრძელდება. ამჯერად მერია ტურცხისა და ეხტილას შიდა გზების შეკეთებას იწყებს, რისთვისაც 1,874,692 ლარი დაუთმო.
ტურიცხის შიდა გზის ასფალტირების პროექტის ღირებულება 1 298 781 ლარია. სამუშაოები ორ წელზეა გათვლილი: 500 000 ლარი – 2025 წელს და 798 781 ლარი – 2026 წელს. სარემონტო გზის სიგრძე 1 756 მეტრია.
ეხტილას შიდა გზების ასფალტირების პროექტის ღირებულება 575 911 ლარია. სარემონტო მონაკვეთის სიგრძე 685 მეტრია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები 220 დღეში დასრულდება: 110 დღე – 2025 წელს და კიდევ 110 დღე – 2026 წლის 1-ლი მაისიდან.
ტენდერი 6 აგვისტოს გამოცხადდა, განაცხადების მიღება 22-დან 27 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.