სუზანა შაქარიჯიანი ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. მან საშუალო განათლება ქალაქის მე-2 საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა და მომავალი განათლების გზით აეშენებინა.

ყველა მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად, სტუდენტური ცხოვრება ადვილად არ დაწყებულა. პირველი და ყველაზე პრობლემური სირთულე სახელმწიფო ენის, ქართულის, არცოდნა იყო. თუმცა, სუზანა არ დანებდა.

„თავიდან რთული იყო. მაგრამ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე მემუშავა. წიგნების, ბაბუაჩემის გაზეთებისა და ჟურნალების კითხვა დავიწყე. გარდა ამისა, ახალგაზრდული ცენტრის პროგრამებში ვმონაწილეობდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს თვითგანვითარებაზე“, – აღნიშნავს ის.

suz 2

დღეს სუზანა თავისუფლად საუბრობს ქართულად. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობის, ასევე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ეროვნულ უმცირესობებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე.

„ეს დიდი ნაბიჯია მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ყველას იდენტობის პატივისცემისკენ“.

სუზანა პროფესიით ეკონომისტია. ის სპეციალიზირებულია ეკონომიკის, აუდიტისა და ბუღალტერიის სფეროებში. თუმცა, მისი ინტერესები მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება. მან ასევე დაასრულა მასწავლებელთა მომზადების პროგრამა, გაიარა სტაჟირება სკოლაში და ამჟამად მუშაობს უფროს მასწავლებლად, სადაც ასწავლის სამოქალაქო განათლებას და უცხო ენებს.

suz1

მისი გზა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სირთულეების დაძლევა შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობითა და განათლებით.

გევორგ ჯანოიან