ცნობილია საერთო უნარების გამოცდის შედეგები. ახალქალაქელი აბიტურიენტები თავიანთ წარმატებულ შედეგებს გვიზიარებენ. ერთ-ერთი მათგანი, ანა დავთიანი, დერენიკ დემირჭიანის სახელობის N4 სომხური სკოლიდან, მაღალი შედეგებით ჩააბარა საერთო უნარების გამოცდა (63/80) და სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს. Jnews-თან საუბარში ანამ ისაუბრა საკუთარ სასწავლო გზაზე, სირთულეებსა და წარმატების საიდუმლოებაზე.

ანა ახალქალაქში გაიზარდა, სკოლა წარჩინებით დაამთავრა და განათლებას ღირებულებებისა და აზროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს.

„ჩემი სასწავლო გზა დერენიკ დემირჭიანის სახელობის სომხურ საჯარო სკოლაში დავიწყე, სადაც ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი და ჩამომყალიბებელი წლები გავატარე. სკოლა იყო არა მხოლოდ ცოდნის, არამედ აზროვნების, ჩამოყალიბებისა და ღირებულებების შეძენის ადგილი“.

როგორც თავად ამბობს, თანმიმდევრულობა მისი თანამგზავრი იყო ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან. სწავლის გარდა, ანა დაინტერესებული იყო მოხალისეობითა და არაფორმალური განათლებით. მოხალისეობის პირველი გამოცდილება მას ჰქონდა MEM – „რეგიონების ბავშვები რეგიონებში“ ორგანიზაციაში, სადაც მან ახალი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა.

ანა საერთო უნარების გამოცდას სისტემატურად მიუდგა. დაძაბულობა თითქმის არ უგრძვნია. ის მკაფიოდ განასხვავებს სწავლის ორ მეთოდს: დიდხანს და ჭკვიანურად სწავლას შორის და მეორეს ანიჭებს უპირატესობას.

„მე ავირჩიე არა დიდხანს, არამედ ჭკვიანურად სწავლის გზა. ვსწავლობდი სტრუქტურირებულად, გააზრებულად, აქცენტს ვაკეთებდი ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულად ვიყავი დარწმუნებული ჩემს ცოდნასა და მომზადებაში და სწორედ ეს ნდობა გახდა ჩემი სიმშვიდისა და წარმატების სტიმული“.

გამოცდებისთვის დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ემზადებოდა, დადიოდა მათემატიკისა და ლოგიკის გაკვეთილებზე. ამ დროის განმავლობაში მან არამხოლოდ გაიღრმავა ცოდნა, არამედ განავითარა ანალიტიკური აზროვნებაც.

„ეს პროცესი გახდა არა მხოლოდ მომზადება, არამედ პიროვნული ზრდის პერიოდიც, სადაც ყოველი გაკვეთილი ერთი ნაბიჯით მაახლოვებდა ჩემს მიზანთან“.

თუმცა, გამოცდის დღემ სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. ორგანიზაციულმა პრობლემებმა – არასწორმა დრომ და დიდხანს ლოდინის საჭიროებამ – ანა ძალიან დაღალა.

„ჩვენს საგამოცდო ფურცელზე ეწერა, რომ გამოცდა 14:00 საათზე იწყებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს დრო მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ, გარკვეული გაუგებრობის გამო, იძულებულები ვიყავით დიდხანს გვესაჯა მზეზე, თითქმის 2-3 საათი. შემდეგ დაახლოებით ერთი საათი შენობაშიც ველოდებოდით, სანამ გამოცდა დაიწყებოდა. და ბოლოს, 3 საათი კონცენტრირებულად, სიჩუმეში ვმუშაობდით. ვფიქრობ, გამოცდა არც ისე რთული იყო, რამდენადაც დამღლელი იყო ლოდინი“.

მიუხედავად ყველაფრისა, ანამ სცადა, კონცენტრირებული ყოფილიყო გამოცდაზე. როგორც თავად ამბობს, დავალებები მისთვის ნაცნობი იყო და პასუხების გასაცემად მთელი დრო არ დასჭირვებია.

დაღლილობის მიუხედავად, გამოცდის შემდეგ ის საკმაოდ მშვიდად იყო. არ ელოდა ასეთ მაღალ ქულებს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ კარგი შედეგი ექნებოდა.

„კარგ შედეგს ველოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არა ასეთ მაღალს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შრომა და მომზადების დონე უშედეგო არ იქნებოდა. საგამოცდო პერიოდში ბევრი ადამიანი იყო, ვინც ჩემს შესაძლებლობებს აკნინებდა ან არ სჯეროდა ჩემი, რამაც ხელი კი არ შემიშალა, პირიქით, მოტივაციად მექცა“.

როდესაც ანამ შედეგები მიიღო, ღრმა კმაყოფილება იგრძნო, ამავე დროს აღნიშნა, რომ ზოგიერთი უმნიშვნელო შეცდომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო და შედეგიც უფრო მაღალი იქნებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წამით ვიფიქრე, რომ უფრო მაღალი ქულის მიღება შემეძლო, ზოგიერთი უმნიშვნელო შეცდომა რომ თავიდან ამერიდებინა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ – ვიცი, რომ ამ შედეგს ვიმსახურებდი. რაც მთავარია, შევძელი მშობლების მოლოდინების გამართლება“.

ანას სასწავლო გზის შემდეგი გაჩერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება. მან უკვე გადაწყვიტა მომავალი პროფესია და აპირებს ლინგვისტიკა-თარგმანის სპეციალობაზე ჩაბარებას.

„თსუ პრესტიჟული და გამოცდილი უნივერსიტეტია, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით. იქ სტუდენტს შეუძლია განვითარდეს არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ როგორც პიროვნებაც, სხვადასხვა ღონისძიებაში, პროექტსა თუ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით. გარდა ამისა, მინდა, რომ თავი ახალ გარემოში გამოვცადო, გავიცნო სხვადასხვა კულტურისა და ადამიანის წარმომადგენლები. საუნივერსიტეტო ცხოვრება თბილისში არის შესაძლებლობა, ისწავლო არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ცხოვრებიდანაც“.

ანა ენებს განიხილავს არა მხოლოდ როგორც პროფესიას, არამედ როგორც ხიდს ადამიანებს, კულტურებსა და იდეებს შორის.

„მე მიზიდავს სხვადასხვა ენის აზროვნება და კულტურული სამყარო, ხოლო თარგმანს ადამიანების ურთიერთგაგების საშუალებად მივიჩნევ. მინდა, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდე“.

ანას ისტორია შრომისმოყვარეობის, დისციპლინისა და შეუპოვრობის შედეგია. მისი რჩევა ყველა აბიტურიენტს, ვინც ამ გზას ახლა იწყებს, მარტივი და გულწრფელია.

„გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმუშავეთ გონივრულად, სიყვარულითა და თავდაჯერებულობით. ნუ შეგეშინდებათ სირთულეების ან ეჭვების. ყოველდღიურად გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი მნიშვნელოვანია. და დაიმახსოვრეთ, როცა თქვენ საკუთარი თავის გჯერათ, სხვების ეჭვს მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი მომავალი მხოლოდ თქვენს ხელშია“.