
1-ელ აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა რეგიონული ფონდიდან მიღებული 383 779 ლარის გადანაწილება, რაც გოგაშენ-აფნიას გზის დაჩქარებული რეაბილიტაციისკენ არის მიმართული. ორ წელზე გათვლილი პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
საკრებულოს აღნიშნული სხდომა დაჩქარებული წესით გაიმართა, რადგან არჩევნებამდე ორი თვით ადრე ბიუჯეტში კორექტირებების შეტანა იკრძალება, რათა ისინი ამომრჩევლის ხმების მოსყიდვად არ იყოს გამოყენებული.
1-ელ აგვისტოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა სხდომა, რომლის ფარგლებშიც სამი კომისიისა და ბიუროს სხდომებიც გაიმართა. დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს რეგიონული ფონდიდან კონკრეტული მიზნებისთვის გამოყოფილი 383 779 ლარის განაწილება.
მერიამ გადაწყვიტა, ეს თანხები გოგაშენ-აფნიას გზის დაჩქარებული რეაბილიტაციისთვის გამოეყენებინა, რათა სამუშაოები ორი წლის ნაცვლად, ერთ წელიწადში დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ გზის შეკეთების პროექტი ორი წლით (2025-2026 წწ.) იყო დაგეგმილი. 2025 წელს იგეგმებოდა 944 073 ლარის დახარჯვა, ხოლო 2026 წელს – 854 162 ლარის. პროექტის საერთო ღირებულება 1 798 235 ლარს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ 30 ივლისის სხდომა არჩევნებამდე ბიუჯეტის ბოლო კორექტირებად ითვლებოდა, 1-ელ აგვისტოს დაჩქარებული წესით კიდევ ერთი სხდომა გაიმართა.
„რადგან მეორე ეტაპზე რეგიონულმა ფონდმა დამატებითი თანხები გამოგვიყო, გადავწყვიტეთ, ისინი გოგაშენ-აფნიას გზისთვის მიგვემართა, რათა სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდეს“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა.
მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა დაამატა, რომ რეგიონული ფონდიდან თანხები ყოველწლიურად ორი ან სამი ეტაპად გამოიყოფა.
„როდესაც ტენდერების შემდეგ გამოუყენებელი თანხები რჩება, ისინი მუნიციპალიტეტებს შორის ნაწილდება. ჩვენ ასევე მესამე ეტაპის დაფინანსებას ველოდებით“, – აღნიშნა მან.
წელს პირველ ეტაპზე რეგიონული ფონდიდან 1.4 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო მეორე ეტაპზე – 383 779 ლარი.