2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.

2025 წლის II კვარტალში [აპრილი, მაისი, ივნისი] საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.2 პროცენტი კი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.6 მილიონი შეადგინა, რაც 7.0 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.