მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოში 13 409 მართვის მოწმობა გაიცა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში მართვის მოწმობა 6148 -მა პირმა აიღო; მეორე კვარტალში კი 7261 მართვის მოწმობა გაიცა.

ამასთან, შსს-ს მონაცემების მიხედვით, წელს, 6 თვეში მართვის მოწმობა 18 წლამდე ასაკის 2 684 პირმა აიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს დაახლოებით, ყოველი მეხუთე მართვის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცა. ამავე მონაცემებიდან გამოდის, რომ წელს, პირველ ნახევარში გაცემული მართვის მოწმობების 20% არასრულწლოვნებზე მოდის.

წელს, 6 თვეში გაცემული მართვის მოწმობების 20% არასრულწლოვნებზე მოდის
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-მარტში მართვის მოწმობა 18 წლამდე ასაკის 1364 პირმა აიღო, აქედან 16 მოწმობა – 16 წლის, ხოლო 1348 – 17 წლის პირზე გაიცა.

რაც შეეხება აპრილ-ივნისს, მეორე კვარტალში 18 წლამდე ასაკის 1320-მა ადამიანმა მოიპოვა მანქანის ტარების უფლება, საიდანაც 28 პირი – 16 წლის, ხოლო 1292 – 17 წლის არის.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, მართვის მოწმობა 1 674 073 პირს აქვს ქვეყანაში.