2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 14.9 ათასს მიაღწია.

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 4.6 დღე იყო (2023 წელს – 5.3 დღე), ხოლო დატვირთვის მაჩვენებელი – 191.5 დღე (2023 წელს – 204.9 დღე). 2024 წელს ქვეყანაში 2288 ამბულატორიული კლინიკა იყო.

ამ დაწესებულებებში ექიმთან დაახლოებით 15.8 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2.8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რაოდენობა 24.1 ათასი იყო, ხოლო ექთნების – 21.3 ათასი.

5 დაავადება, რომელიც ყველაზე მეტად გაიზარდა საქართველოში

2024 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა (ახალი დიაგნოზებით) ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებში გაიზარდა:

თვალის და მათთან დაკავშირებული დაავადებები (18%),
ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადება (15.4%),
კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (14.8%),
ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%),
სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).

დაავადებათა ძირითად ჯგუფებს შორის, მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალის და მასთან დაკავშირებული დაავადებების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, სასქესო სისტემის, კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები.

2024 წელს შიდსის 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 პუნქტით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 10 006 იყო. 2024 წელს შიდსით 131 ადამიანი გარდაიცვალა.

2024 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11,7 პროცენტით შემცირდა. ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა 9,2 პროცენტით შემცირდა და 1 311 ადამიანს შეადგინა.

2024 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 1,1 მილიონ ადამიანს გაუწიეს, რომელთაგან შემთხვევათა 99 პროცენტი უეცარ დაავადებას უკავშირდებოდა, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.