2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო რუსული არყის საექსპორტო მიმართულებებს შორის (ღირებულების თვალსაზრისით) მეორე პოზიციაზეა. ინფორმაციას Telegram-არხზე რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის განვითარების ფედერალური ცენტრი, „აგროექსპორტი“ საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ღირებულებითი თვალსაზრისით, რუსული არყის ტოპ-5 საექსპორტო მიმართულებაა: ყაზახეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი და ისრაელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსული არყის საექსპორტო მიმართულებების სამეულში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც იყო და მთლიან ექსპორტში 11%-იანი წილით წამყვან სამეულს ხურავდა. მაშინ პირველ ადგილზე 30%-იანი წილით კვლავ ყაზახეთი, ხოლო მეორეზე 22%-იანი წილით ჩინეთი იყო.

მთლიანობაში, 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსეთმა არყის ექსპორტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით, დაახლოებით, 25 მლნ დოლარამდე გაზარდა. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში რუსეთმა უცხოურ ბაზრებს 16 ათასი ტონა არაყი მიაწოდა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 25 მლნ დოლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან არყის ექსპორტი 13 ათას ტონაზე მეტს შეადგენდა, რომლის ღირებულება, თითქმის, 18 მლნ დოლარი იყო.

ცნობისთვის, 2022 წელს, უკრაინის ომამდე რუსული არყის ექსპორტი შესამჩნევად ჭარბობდა და 141,7 მლნ დოლარს შეადგენდა. ეს, ძირითადად, ევროპელი მყიდველების ხარჯზე იყო განპირობებული. მაგალითად, 2022 წელს რუსული არყის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ლატვია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. თუმცა დასავლური სანქციების პაკეტის ფარგლებში რუსული არყის იმპორტი აიკრძალა და მოცულობაც, თითქმის, 3-ჯერ დაეცა.