
საქართველოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 28-დან 30 ივლისამდე დაფიქსირდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ, „პალიტრავიდეოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში იქნება.
მისი ინფორმაციით, 30 ივლისიდან და აგვისტოს პირველ ნახევარში ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, თუმცა თბილი ჰაერის მასები შენარჩუნდება.
„უკვე 31 ივლისიდან ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცემა, ხოლო აგვისტოს დასაწყისში დასავლეთ საქართველოში რამდენიმე გრადუსით ვარდნაა მოსალოდნელი.
თუმცა, ეს ნოტიო ჰაერის მასები და შესაძლო მსუბუქი, ხანმოკლე წვიმები სიცხის შეგრძნებას განსაზღვრავს, თუმცა, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ტემპერატურას ხვალინდელი დღის მეორე ნახევრიდან კლების ტენდენცია აქვს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ასეთ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. თბილი მასების სამხრეთისკენ მოძრაობა დღესაც გრძელდება და აგვისტოს დასაწყისშიც. ხვალ ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსია მოსალოდნელი. ეს დაბლობ რაიონებს ეხება, მაგრამ მთიან რაიონებში ნაკლები არ იქნება.
ჰაერში ცოტა მეტი ტენიანობაა, რაც სიცხეს კიდევ უფრო დამთრგუნველს ხდის და მგრძნობელობა იზრდება“, – თქვა დოდო გვაზავამ.