
ახალქალაქის სამივე სკოლამდელი დაწესებულება გასულ წელს, რემონტის მიზნით, დაიხურა. ამან უკმაყოფილება გამოიწვია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს შორის, როგორც ქალაქში, ისე ზოგიერთ სოფელში. დაწესებულებები 2024 წელს დაიხურა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო 2025 წლის თებერვლის დასაწყისში (№1 და №2 საბავშვო ბაღები) და აპრილის დასაწყისში (№3 საბავშვო ბაღი). თუმცა, ექსპლუატაციაში შესვლის ვადები მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. ახალი, რიგით მეოთხე საბავშვო ბაღი აშენებულია, მაგრამ ჯერ არ არის ექსპლუატაციაში შესული.
ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ 2025 წლის შემოდგომაზე, ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ბავშვები განახლებულ ან ახალ საბავშვო ბაღებში დაბრუნდებოდნენ.
Jnews-ი დღემდე იღებს მშობლების საჩივრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს სკოლამდელ დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა მოკლებული აქვთ. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქალაქის საბავშვო ბაღების აღმზრდელებიც, რომლებიც დროებით სხვა ბაღებში, უკიდურესად შეზღუდულ პირობებში მუშაობენ. მათი საკუთარ შენობებში დაბრუნება სულ უფრო ჭიანურდება.
„ჩვენც ვიღებთ საჩივრებს, მაგრამ საბავშვო ბაღები არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ჩვენც არ გვინდოდა მათი დახურვა, მაგრამ ვერ შევძელით უარის თქმა. გვქონდა იმედი, რომ ყველაფერს ერთნახევარ წელიწადში ააშენებდნენ, ამიტომ დავთანხმდით“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მკრტიჩ მღდესიანმა.
ახალქალაქის სამივე საბავშვო ბაღი გასულ წელს ერთდროულად დაიხურა სარემონტო სამუშაოების გამო. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ერთნახევარ წელიწადში ქალაქს სამი თანამედროვე სკოლამდელი დაწესებულება ექნებოდა, მაგრამ მშენებლობის გრაფიკის დარღვევამ ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
2024 წლის სექტემბერში, Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს- მელქონ მაკარიანს, ჰკითხა, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება სამივე საბავშვო ბაღის ერთდროულად დახურვის შესახებ.
მერმა მელქონ მაკარიანმა მაშინ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტს გაუმართლა, რადგან ქალაქის სამივე საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში მოხვდა. თითოეულისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო. მისი თქმით, როდესაც გადაწყვიტეს სამივე საბავშვო ბაღის ერთდროულად დახურვა, აცნობიერებდნენ, რომ საჩივრები იქნებოდა, მაგრამ იმედოვნებდნენ, რომ ხალხი გაგებით მოეკიდებოდა.
„უმჯობესია, საბავშვო ბაღები 3-4 თვით დაიხუროს, რათა შემდეგ ბავშვებისთვის უკეთესი პირობები იყოს. იმ მომენტში რომ გვეთქვა უარი, რეკონსტრუქცია ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე მოგვიწევდა, რადგან 2027 წელს ყველა საბავშვო ბაღი უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ჩვენ გაგვიმართლა. ის სახსრები კი, რაც მათზე უნდა დაგვეხარჯა, სოფლის საბავშვო ბაღებზე დაიხარჯება, რათა ისინიც ევროპულ სტანდარტებს მოვარგოთ“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ამჟამად, მშობლები კვლავ იმედოვნებენ, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და სკოლამდელი დაწესებულებები 2026 წელს გახსნიან კარებს ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მრავალი სკოლამდელი ასაკის ბავშვი, სარემონტო სამუშაოების გამო, სკოლაში სკოლამდელი განათლების გარეშე წავა. 500-ზე მეტი ბავშვიდან, მხოლოდ დასაქმებული მშობლების დაახლოებით 60 ბავშვმა შეძლო სოფლის საბავშვო ბაღებში სიარული, რადგან ქალაქის საბავშვო ბაღების ყველა ბავშვისთვის ადგილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N1, N2, N3 საბავშვო ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით რემონტდება. ამ სამუშაოებზე ტენდერები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოცხადდა. N1 და N2 სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რემონტის ტენდერი 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა, ხოლო N3 საბავშვო ბაღის რემონტის ტენდერი – 2023 წლის 14 ნოემბერს.
ახალქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღების რემონტი მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით ხორციელდება. 7 მილიონ 522 ათასი ლარის ტენდერი მოიგო კომპანია „მედმშენმა“. N2 საბავშვო ბაღის რემონტი მიმდინარეობს, თუმცა N1 საბავშვო ბაღის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
N3 საბავშვო ბაღის რემონტი, რომელსაც შპს „ლაგი კაპიტალი“ 3,261,495 ლარის ღირებულებით ახორციელებდა, შეჩერებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომ ახალი ტენდერი გამოცხადდება, თუმცა ვადები არ დაუკონკრეტებიათ.
ახალი, რიგით მეოთხე საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება, რომელიც ახალქალაქის N5 სკოლის (ყოფილი პანსიონი) ტერიტორიაზე შენდება, გადაიდო. მიზეზი გაუგებარია: მშენებელი ამტკიცებს, რომ ყველაფერი აშენებულია, მაგრამ დამკვეთი არ ჩქარობს ობიექტის მიღებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება გადაიდო.