ჰასმიკ ტონერიანმა 2024-2025 სასწავლო წელი ჩინეთის Normal University-ში გაატარა, სადაც ჩინურ ენასა და ჩინურ კულტურას სწავლობდა.

ჩვენი გმირი ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა გონდურიდანაა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობს, ერთდროულად სახვითი ხელოვნებისა და სინოლოგიის მიმართულებებით.

„ყველაფერი თავისთავად მოხდა. თავიდან ჩინური ენის შესწავლა დავიწყე, შემდეგ ის ჩემი მეორე სპეციალობა გახდა, ამას კი მოჰყვა გადაწყვეტილება, რომ სწავლა ჩინეთში გამეგრძელებინა. ჩინური ენის შესწავლისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების მოტივაცია ამ ენისა და კულტურის მიმართ სიყვარული იყო.”

hasmik 4

ჰასმიკი ამბობს, რომ თავდაპირველად არანაირ სირთულეს ან მოულოდნელ სიტუაციას არ შეხვედრია, ან თუ შეხვდა, ისინი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არ ახსოვს.

“მოულოდნელი სიტუაციები არც მქონია, შესაძლოა იმიტომ, რომ გამგზავრებამდე საკმაოდ ინფორმირებული ვიყავი – მასწავლებლებისა და ინტერნეტის დახმარებით.”

hasmik 1

ჰასმიკი აღფრთოვანებულია ჩინეთის განათლების სისტემით და ამბობს, რომ სწავლების ხარისხი ჩვენს ქვეყანასთან შედარებით საკმაოდ მაღალია. მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო მასწავლებლების დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი და ის, თუ რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩინელი მასწავლებლები თავიანთ მოვალეობებს.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები გაცილებით უკეთაა ტექნიკურად აღჭურვილი და ყველაფერი სტუდენტებისთვისაა მორგებული. ყველაფერი ერთ ადგილზეა- სასწავლო შენობები, საერთო საცხოვრებლები, სასადილოები და ა.შ., რაც სტუდენტების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ჰასმიკ ტონერიანის თქმით, კულტურული განსხვავებები ჩინეთში პირველივე წუთებიდან აშკარა იყო. ყველაზე დიდი კულტურული შოკი კვების კულტურასთან დაკავშირებით ჰქონდა.

„ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი კერძის ზომა, საჭმლის მრავალფეროვნება და სიმრავლე, და, რა თქმა უნდა, ხმამაღლა ჭამა (სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ასე არ ჭამს, ახალგაზრდები თავს იკავებენ ასეთი ქცევისგან). მშობლების მშვიდი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ ასევე გასაოცარი იყო. ძალიან ხშირად, როდესაც ვხედავდი ჩინელი პატარების ცელქობას და მათი მშობლების მშვიდ ქცევას, თითქოს არაფერი მომხდარა, უცხოელ მეგობრებთან ერთად ვხუმრობდით, თუ როგორ დაგვსჯიდა დედაჩვენი, ჩინელი პატარას ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით. ბებია-ბაბუების ცხოვრების წესიც გასაოცარი იყო- ისინი ნამდვილად ტკბებიან სიბერით. საღამოობით მათთან ერთად ცეკვა ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ ჩვევად იქცა.“

hasmik 7

hasmik 5

ჩინეთში გატარებული წელი ჰასმიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა:

„მან დამეხმარა გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობამ გამიფართოვა მსოფლმხედველობა და ასევე დამაფასებინა ყველაფერი, რაც მაქვს.“

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჰასმიკი გულწრფელად აღნიშნავს, რომ თბილისში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურის გაგრძელება ჩინეთში სურს.

„რა იქნება შემდეგ – არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენს რეგიონში დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები.“

hasmik 2

hasmik 3

მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობს, მაგრამ ეშინია ნაბიჯის გადადგმის, ჰასმიკს აქვს მკაფიო გზავნილი:

„შიშის საჭიროება არ არის. თუ ასეთი შესანიშნავი შანსი არსებობს, არ უნდა გაუშვათ ხელიდან.“

მისი სიყვარული ჩინეთის მიმართ ფილმებისა და სამოგზაურო გადაცემების წყალობით დაიბადა.

„მოგვიანებით, უნივერსიტეტში ენის, ისტორიისა და კულტურის უფრო ღრმად შესწავლისას, ეს სიყვარული სულ უფრო გაიზარდა.“

ჰასმიკი აღნიშნავს, რომ ჩინეთში გატარებული ერთი წლის განმავლობაში ჯავახეთში არაერთი დადებითი ცვლილება მოხდა.

„ჩემი აზრით, ამას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ახალმა პროგრამებმა. ხალხის დამოკიდებულება ჩინეთისა და ჩინური ენის მიმართ უკეთესობისკენ შეიცვალა.“