
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამით საქართველოს უნივერსიტეტებში ახალგაზრდა სომეხი სტუდენტების მიერ არჩეული პროფესიები და სფეროები ხშირად არა მხოლოდ მათ პირად პრეფერენციებზე, არამედ რეგიონულ მოთხოვნასა და სოციალური მოვალეობის გრძნობაზე მეტყველებს.
Jnews-მა ესაუბრა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს „1+4“ პროგრამა და ემზადებიან პროფესიის არჩევისთვის. იმის გასაგებად, თუ რა პროფესიული პრეფერენციები აქვთ სომეხ სტუდენტებს და შეესაბამება თუ არა ისინი შრომის ბაზრის მოთხოვნას.
გთავაზობთ, გაეცნოთ ზოგიერთი მათგანის მოსაზრებებს:
ნადია ჰარუთუნიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯიდანაა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. წელს მან დაასრულა ქართული ენის, როგორც ე.წ., 0 კურსი და ემზადება ინგლისური ენის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. ნადია ცდილობს, ენებისადმი ინტერესი პროფესიად აქციოს.
„მე მიყვარს უცხო ენების შესწავლა, გადავწყვიტე ამ ფაკულტეტზე მესწავლა, რადგან ვფიქრობ, რომ შრომის ბაზარი დიდია და სხვადასხვა ენის ცოდნა შესაბამისი სამსახურის პოვნას გაამარტივებს. ჩემს წრეში ახალგაზრდები ძირითადად ფილოლოგიით, ბიზნესით ან ეკონომიკით არიან დაინტერესებულნი. ასეთი პროფესიების არჩევისას, სტუდენტების უმეტესობა თავის რეგიონში დაბრუნებას გეგმავს.“
ნადია ასევე აღნიშნავს, რომ მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც სწავლობენ სამართალს ან, მაგალითად, არქიტექტურას, მაგრამ დამთავრების შემდეგ ხშირად არ სურთ თავის რეგიონში დაბრუნება. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ლინგვისტური განათლება შეიძლება იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ღირებული წვლილი საზოგადოების განვითარებაში.
ასტღიკ მარგარიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში დაიბადა და გაიზარდა. ის თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ასტღიკისთვის პროფესია არა მხოლოდ კარიერული გზაა, არამედ იდენტობისა და ეროვნული ღირებულებების გაგრძელების საშუალებაც.
„ბავშვობიდანვე მიყვარდა სომხური ენა, ლიტერატურა და ეროვნული კულტურა. ეს სიყვარული მთელი ცხოვრება თან მახლდა და, შეიძლება ითქვას, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი პროფესიის არჩევისას. სიმართლე გითხრათ, არასდროს წარმომიდგენია საკუთარი თავი ისეთ პროფესიაში, რომელიც ჩემს ფესვებს მოწყვეტილია. სომხური ენა არის ღირებულება, რომელიც ჩემს ცხოვრობში, არა მხოლოდ როგორც კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ როგორც ჩემი იდენტობის ნაწილი. მსურს სწავლის გაგრძელება არმენოლოგიის ფაკულტეტზე, რადგან მინდა უფრო ღრმად ჩავუღრმავდე ენის, ლიტერატურისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში.ვიცი, რომ დღეს ბევრი ადამიანი უფრო პრაქტიკულ მიმართულებებს ირჩევს: პროგრამირებას, ბიზნესს, ეკონომიკას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ენისა და კულტურის შენარჩუნების საქმე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მსურს არა მხოლოდ ამ სფეროში განვვითარდე, არამედ ჩემი ცოდნითა და შრომით ვემსახურო სამშობლოს. ჩემი არჩევანი შეგნებული იყო და გულიდან მოდიოდა. როდესაც პროფესიას სიყვარულით ირჩევ, სირთულეებიც კი არ გაშინებს. და მე მზად ვარ სირთულეებისთვის, რადგან ავირჩიე გზა, რომელიც სულიერი ღირებულებებითა და მნიშვნელობითაა სავსე.
ასტღიკის მსგავსად მოაზროვნე სტუდენტების რიცხვი დღეს დიდი არ არის, თუმცა მათი მოტივაცია ხშირად საზოგადოების სხვა ახალგაზრდებისთვის კაშკაშა მაგალითს წარმოადგენს.
არაქსია სირაკანიანიც სოფელ განძიდან არის. ის ერთი წელია, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ზოგადი მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგან დარწმუნდა, რომ ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია როგორც დღეს, ასევე მომავალში.
„საწყისი ეტაპი სახელმწიფო ენის შესწავლა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დაძლევადია, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც საერთოდ არ საუბრობს ამ ენაზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ნებისმიერი ახლის შესწავლა ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში. უნივერსიტეტში არსებული რიგი სფეროებიდან, მე შეგნებულად, ყველა სირთულის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, ავირჩიო ზოგადი მედიცინა, როგორც პროფესია, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია და ჩემთვის საყვარელია. ჩემს გარემოში ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარი პრეფერენციებისა და მოთხოვნიდან გამომდინარე ირჩევს ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, უცხო ენების შესწავლას.“
ექიმების საჭიროება განსაკუთრებით დიდია შორეულ სოფლებში და არაქსიას მსგავსი სტუდენტების საკუთარ თემებში დაბრუნების პერსპექტივა დიდწილად საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის გაგრძელებით არის განსაზღვრული.
მოსაზრებები განსხვავებულია, ისევე როგორც პრეფერენციები. ბევრი გეგმავს სპეციალიზაციას და დარჩენას ისეთ ქალაქში, რომელიც უფრო ფართო შრომის ბაზარს უზრუნველყოფს, ხოლო ბევრს სურს თავის რეგიონებში დაბრუნება და საკუთარი შესაძლებლობების მშობლიური ადგილის განვითარებაში შეტანა.