ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს. – ამის შესახებ განცხადებას საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.

“ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას მოიცავს იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ დაწესებას, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას.

რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის.

ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.