ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი, თავის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და მომსახურების სააგენტოს ეწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციაში ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრებმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მისი მუშაობის თავისებურებებს გაეცნენ.
„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მომსახურების სააგენტო, სადაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის მომზადების პროცესს.
დღეს, დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლს. სტუმრები ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ.
„სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.