1 აგვისტოდან საქართველო ახალი დიზაინის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემას დაიწყებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების დიზაინის შეცვლის გადაწყვეტილება 10 მარტს მიიღო. თავდაპირველად, ცვლილება 4 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაეხანგრძლივებინა.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს უახლესი გადაწყვეტილებით, განახლებული დიზაინის ელექტრონული პასპორტების, ბიომეტრიული პასპორტების, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტების და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტების, დროებითი და მუდმივი ელექტრონული ბინადრობის მოწმობების, ასევე დროებითი ელექტრონული პასპორტების გაცემა 1 აგვისტოდან დაიწყება.

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ ძველ მოწმობებს, ანუ ახალი ბრძანების ძალაში შესვლამდე გაცემულ შესაბამის დოკუმენტებს, ისინი კანონით განსაზღვრული ვადით იქნება ძალაში.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის მიხედვით, პირადობის მოწმობაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი, პირადი ხელმოწერის ნიმუში, მოწმობის გამცემი დაწესებულების დასახელება, მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის მოქმედების ვადა, QR კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დოკუმენტის და/ან პირის შესახებ ინფორმაციის შემოწმება და მფლობელის თითის ანაბეჭდი.