შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე, კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი წითელი ცირკულარით ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის იძებნება. „დააკავეს: 1999 წელს დაბადებული ი. ჯ., 1980 წელს დაბადებული შ. ი. და 2000 წელს დაბადებული გ. ი., რომელიც თურქეთის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის იძებნება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი. ჯ.-მ და გ. ი.-მ უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით. სამივე დააკავეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში; ისინი ავტომობილის მართვის დროს გააჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და 13 ვაზნა. ამ დანაშაულებისთვის სასჯელი 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე, 25-236-ე და 236-ე მუხლებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.