ბოლო დროს ახალგაზრდებში აქტიურად განიხილება „1+4“ პროგრამის გაუქმების საკითხი. ამ განხილვის პარალელურად, 2024-25 სასწავლო წლიდან არა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო საგანმანათლებლო გრანტი გაორმაგდა და ფინანსდება 200-200 სტუდენტი.

დისკუსიის მიზეზი გახდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პროგრამა გაუქმდეს, რადგან არა ქართულენოვან საზოგადოებაში ქართული ენის ცოდნის დონემ საკმაოდ დიდ ზომას მიაღწია.

პროგრამის გაუქმების პერსპექტივა ახალგაზრდებში შეშფოთებას იწვევს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არასწორი ნაბიჯია, რადგან ახალდამთავრებული სტუდენტები ვერ შეძლებენ ქართული ენის გამოცდის ჩაბარებას. სხვები კი მიიჩნევენ, რომ კურსდამთავრებულებს უკვე აქვთ ქართული ენის საკმარისი ცოდნა და შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას.

Jnews-მა სამი სკოლის დირექტორს ესაუბრა, რათა გაერკვია, რამდენი კურსდამთავრებული ჰყავთ ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, მათ აზრი ჰკითხეს იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა მათი სკოლის მოსწავლეები რამდენიმე წლის შემდეგ ქართულენოვანი გამოცდების ჩაბარებას და, ყველას მსგავსად, პირდაპირ პირველ კურსზე ჩარიცხვას.

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის დირექტორმა, გაიანე კარახანიანმა განაცხადა, რომ წელს მათ ჰყავთ 14-15 აბიტურიენტი, თუმცა ეს მიახლოებითი, დაუზუსტებელი რიცხვია. რაც შეეხება ქართულ ენაზე გამოცდების ჩაბარებას, მან აღნიშნა:

„ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ თაობის მისწრაფებები და მათი მუშაობის სტილი სკოლაში. მეორეც, მნიშვნელოვანია, თუ რა დონეზე მოხდება ქართული ენის სწავლების გაუმჯობესება სკოლებში მასწავლებლების მიერ.“

სკოლის დირექტორი ამატებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავთ შრომისმოყვარე და წამყვანი მასწავლებლები, ამავდროულად, ქართული ენის სრულყოფილად ფლობისთვის ქართველებთან ურთიერთობა აკლიათ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას №1 სკოლის დირექტორმა, რიმა მკოიანმა განაცხადა, რომ მათ ჰყავთ 8 აბიტურიენტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება ქართულ ენაზე გამოცდების ჩაბარებას და ჩარიცხვას, მან თქვა: „დიახ, შეძლებენ“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის სომხური (№2) სკოლის დირექტორმა, ოვანეს მღდესიანმა კი განაცხადა, რომ წელს მათ ჰყავთ 4 აბიტურიენტი. ქართულ ენაზე გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებით, დირექტორმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მოსწავლეები ვერ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას.

2010 წლიდან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში გამარტივებული პროცედურით შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება. გამარტივებული სისტემა, ე.წ. „1+4“ პროგრამა, ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე. თუ აპლიკანტები მოაგროვებენ შესაბამის ქულებს, მათ ექნებათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ახალგაზრდები გადიან ქართული ენის 1-წლიან მოსამზადებელ კურსს, შემდეგ კი, თუ 60 კრედიტს დააგროვებენ, სწავლას აგრძელებენ მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტზე.

ფენია თოროსიან