
„დიასპორის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის მონაწილე, სომხური სოფელ დამალიდან, თაგუი სააკიანი საქართველოში დიასპორის ახალგაზრდა ელჩად შეირჩა.
სომხეთში დიასპორის უმაღლესი კომისრის ოფისი აგრძელებს „დიასპორის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია გააერთიანოს ახალგაზრდა დიასპორელი სომეხი, რომლებიც აქტიურად ეძებენ ახალ პროგრესს თავიანთ თემებში, სომხეთთან დაკავშირებული თემატური სფეროების ცოდნის გაღრმავებისა და ჩართულობის გზით.
პროგრამა, რომელშიც დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, ერთწლიანია და მოიცავს პერიოდს 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე. ის იწყება ორკვირიანი ინტენსიური კურსით სომხეთში 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე, შემდეგ კი მონაწილეები პროგრამით დაგეგმილ სამუშაოებს საკუთარ საცხოვრებელ ქვეყანაში, საზოგადოების ჩართულობით ასრულებენ.
წელს პროგრამისთვის შერჩეული 30 ახალგაზრდიდან საქართველოდან შერჩეული წევრია თქგუი სააკიანი, ასპინძის რაიონის სომხებით დასახლებული სოფელ დამალიდან. თაგუიმ წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ამჟამად სწავლის გაგრძელებას დიპლომატიის მაგისტრატურაზე გეგმავს.
„მე ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო ურთიერთობები, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგებსა და სტაჟირების პროგრამებში. ვცდილობდი, თავად შემექმნა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ქალთა უფლებების დაცვას“, – ამბობს ის.
თაგუის თქმით, პროგრამა ემთხვევა მის შინაგან მისწრაფებებს პროსომხური საქმიანობის განხორციელებისა და სომხური თემის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„პროექტის მთავარი მიზნის გაგების შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის პროგრამა, რომელშიც მინდა გაწევრიანება. პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა, განაცხადის და გასაუბრების ეტაპებისგან. განაცხადი ბევრმა ახალგაზრდამ შეავსო, რომელთაგან 70-მა გაიარა გასაუბრების ეტაპი, ხოლო 30 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთი მეც ვიყავი, გადავიდა საბოლოო ჯგუფში. როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, ვიგრძენი როგორც სიამაყე, ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ეს ჩემთვის ახალი შთაგონების წყარო გახდა წინსვლისა და სომხური ეპარქიის შემდგომი განვითარებისთვის.“
პროექტის ფარგლებში მისი მიზანია სომხური თემის კიდევ უფრო გაერთიანება რეგულარული შეხვედრების, დისკუსიების, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილებების მოძიების გზით.
„დიასპორის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს, განკუთვნილია 22-35 წლის ახალგაზრდა დიასპორელი სომეხებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სომხეთ-დიასპორის კავშირების განმტკიცებასა და საზოგადოების განვითარებაში. ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, სახელმწიფო და სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტებს და გამოცდილების გაცვლის პლატფორმებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გახდნენ ცვლილებების შემქმნელები თავიანთ თემებში.