ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შოთა რუსთველის ძეგლის მიმდებარე პარკის რეკონსტრუქციისთვის წელს მეორე ელექტრონული ტენდერი ცხადდება.
ელექტრონული ტენდერის საწყისი ღირებულება 458,829.00 ლარია. ტენდერის თანახმად, სამუშაოების დასრულება ორ წელიწადში, 2025-2026 წლების განმავლობაში იგეგმება.
ბიუჯეტის განაწილება შემდეგია: 2025 – 300,000 ლარი, 2026 – 158,829 ლარი.
პირველი ტენდერი, რომელიც რუსთველის პარკის მშენებლობაზე უნდა ჩატარებულიყო, წელს 17 ივნისს გამოცხადდა. მსურველებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 3 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ. თუმცა, ამ ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ შპს „მიკ 23“ მონაწილეობდა.
ტენდერის კომისიამ დააფიქსირა, რომ განაცხადში განთავსებულ ხარჯთაღრიცხვაში უზუსტობა იყო. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე ტენდერის შეწყვეტისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ, სწორი და ადეკვატური ანგარიშგების დოკუმენტებით.
იგივე ტენდერი მეორედ 16 ივლისს გამოცხადდა. წინადადებები მიიღება 25-დან 28 ივლისამდე. ტენდერი ეხება იმავე მოცულობის სამუშაოებს, რომელთა განხორციელებაც ორწლიან პერიოდშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა პარკის გაუმჯობესების პროექტში ცვლილებები შეიტანა და დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარკის მშენებლობაზე 154,369.69 ლარი დაიხარჯა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა, 2024 წელს Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა:
„ჩვენ შევცვალეთ პროექტი, გავზარდეთ ფართობი და გამოყოფილი თანხა შემაკავებელი კედლის მშენებლობას მოხმარდა. იქნება ფართო და განათებული პარკი, რომელსაც ასევე ექნება ავტოსადგომი“.
გევორგ ჯანოიან