გამოქვეყნდა რვა წინადადების სია, რომლებიც თბილისმა ბრიუსელთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა განახორციელოს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობის დღის წესრიგიდან ამოღება.

ბრიუსელიდან წერილი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჯორიშვილის სახელზეა გაგზავნილი.

უზრუნველყოფილი და დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

აცილებული და გაუქმებული იქნას ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და არ შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და საკანონმდებლო პაკეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ასევე შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ლგბტ პირთა უფლებების სრულად უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა იმ მესამე ქვეყნების სიასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არალეგალურ მიგრაციას ან ევროკავშირის უსაფრთხოებას.

გაძლიერდეს ზომები ევროკავშირის ქვეყნებში უსაფუძვლო თავშესაფრის განაცხადების და უკანონო ყოფნის შესამცირებლად, მათ შორის, მიგრანტების სამიზნე ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, ასევე სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება.

შეიქმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების იდენტიფიცირების, ჩამორთმევის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.

მიღებულ იქნას ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოფილი იყოს მისი ადეკვატური რესურსებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს კორუფციის საქმეების მაღალი დონის გამოძიებაზე, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო განხილვაზე.

შესწორებები შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კერძოდ, მისი ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფისა და უფლებამოსილებების გაფართოების თვალსაზრისით.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა გენერალურმა დირექტორმა, ბეატე გმინდერმა.

„მე ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს და საჭირო ნაბიჯებს გადადგამს კომისიის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. შემდეგი შეფასება ჩატარდება ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ შემდეგი ანგარიშის ფარგლებში. შემდგომი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები გადახედული ვიზების რეგულაციის მე-8 მუხლის შესაბამისად, მათ შორის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“, – ნათქვამია წერილში.

ბრიუსელმა ადრე გამოაცხადა, რომ რეკომენდაციების განხორციელების ბოლო ვადა აგვისტოს ბოლო იყო.

„ჩვენ აქამდე ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს, რაც მათ ნამდვილად იმოქმედებს. თუმცა, ამავდროულად, ეს ევროკავშირის მიმართ ნდობის საკითხიცაა… იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ აკმაყოფილებს პირობებს, ამასაც უნდა მოჰყვეს შედეგები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ მისდევს ევროპულ გზას და სერიოზულად არ აღიქვამს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

კალასის თქმით, ბრიუსელში, საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის ფონზე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების გარდა, ისინი ასევე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შეჩერებას და ინდივიდუალურ სანქციებს.